პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი პროკურატურას მოუწოდებს შეწყვიტოს გამოძიება „ფორმულას“ წინააღმდეგ

2 hours ago 2

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიული რეგულაციებით ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე. მოუწოდებს პროკურატურას, შეწყვიტოს სისხლის სამართლის გამოძიება ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ.

„რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არადამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით აძლიერებს. IPI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოში იმ სივრცის დასაცავად, რაც მედიის თავისუფლებისგან დარჩა“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მიმოიხილავს საქართველოს მედიის მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების კომისიის მიერ ტვ პირველისა და ტვ ფორმულას დაჯარიმების საკითხს, საბაბით, თითქოს ტელეკომპანიებმა დაარღვიეს სარედაქციო სტანდარტები, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები საინფორმაციო გამოშვებებში. დაჯარიმების საფუძველი გახდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც „ოცნებამ“ 2025 წელს შეცვალა.

„ცვლილებების შედეგად კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება, აღასრულოს ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც მანამდე ჟურნალისტური საზოგადოების თვითრეგულირების სისტემის ფარგლებში ხდებოდა. შესწორებებმა კომკომის უფლებამოსილება გააფართოვა მიუკერძოებლობის, სიზუსტის, სამართლიანობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების მიმართულებით. ამასთან, კომისიას მიეცა უფლება, ახალი წესების დარღვევისთვის მაუწყებლებს წლიური შემოსავლის 3%-მდე ჯარიმა დააკისროს ან მათი მაუწყებლობის ლიცენზიაც კი გაუუქმოს“, — წერს ორგანიზაცია და იხსენებს, როგორ მოითხოვეს მათ ამ ცვლილებების გაუქმება მათი მიღებისას, რამდენადაც იმთავითვე ხედავდნენ საფრთხეს, რომ ეს იყო იარაღი ხელისუფლების ხელში, ყოფილიყო დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ცენზორი.

IPI წერს, რომ კომკომის დამოუკიდებლობა უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნებს ბადებს.

„იმ ფრაზებს შორის, რომელთა გამოყენებისთვისაც „ტვ პირველს“ სანქცია დაეკისრა, იყო ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულთა მოხსენიება, როგორც „სინდისის პატიმრების“. ასევე, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქად“ მოხსენიება“, — წერს ორგანიზაცია.

IPI-ის მონიტორინგის თანახმად, არჩევნების შემდეგ საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მძიმე გაუარესება დაფიქსირდა, რაც ოდესმე ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყნებში უნახავთ. ამის მაგალითად მოჰყავს ორგანიზაციას საქართველოში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება.

„17 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გამოძიება დაიწყო მმართველი პარტიის ცნობილი მხარდამჭერისა და კინორეჟისორის საჩივრის საფუძველზე. საჩივარი შეეხებოდა „ფორმულას“ მიერ იანვარში გასულ სიუჟეტს, რომელიც რეჟისორის სავარაუდო არასათანადო ქმედებების შესახებ ბრალდებებს შეიცავდა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, მისი ავტორი და ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანი, დავით ქაშიაშვილი, სოციალურ ქსელებში მუქარის სამიზნე გახდა.

„ფორმულას“ იურისტების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელი მაუწყებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. 26 ივნისს პროკურატურამ მიმდინარე საქმის ფარგლებში ტელეკომპანიის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დაკითხა.

ამასთანავე, კინორეჟისორსა და „ფორმულას“ შორის მიმდინარეობს ცალკე სამოქალაქო დავაც ცილისწამების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს“, — წერს IPI.

ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, გაითვალისწინოს, რომ სიუჟეტი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს ეხებოდა, შეწყვიტოს „ფორმულას“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

IPI ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს განახლებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე სადავო ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის მაუწყებლების მიმართ დისკრიმინაციული ან არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება და პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას.


პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-3 მუხლის პირველი ნაწილი). უწყების თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.

საქმე ის არის, რომ „შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.

ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე „ცრუ დასმენაზე“.

სისხლის სამართლის საქმის ინიციირების პარალელურად, გოგა ხაინდრავა სამოქალაქო წესით სასამართლოშიც დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. ის პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

პროკურატურაში, დავით ქაშიაშვილის შემდეგ, დაიბარეს ჟურნალისტი ნატა ლომაძეც.

სრულად წაკითხვა