პროევროპულ აქციებზე დაკავებული 19 წლის სტუდენტის, საბა ჯიქიას სააპელაციო სხდომა 3 ნოემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პირობა დადო, რომ მომდევნო სხდომები დიდ, მეთორმეტე დარბაზში გაიმართება.
13 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში სხდომის გახსნისთანავე, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლა ითხოვა, რადგან მეცხრე დარბაზში, სადაც სხდომა იყო დანიშნული, მხოლოდ 16 ადამიანი ეტეოდა. საბა ჯიქიას პროცესზე დასასწრებად კი 40-მდე ადამიანი, მათ შორის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, აქტივისტები, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლები იყვნენ მისული.
საბა ჯიქიას ახლობლები და ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ დარბაზში იმყოფებოდა სუსის ორი წარმომადგენელი და მათ დარბაზიდან გაშვებას ითხოვდნენ:
"მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები ვერ შემოვიდნენ დარბაზში, მაქვს ინფორმაცია, რომ შემოვიდნენ შსს-ს წარმომადგენლები, უკან, მარჯვნივ სხედან", - მიმართა მოსამართლეს გუჯა ავსაჯანიშვილმა.
"ბოდიში, თქვენ ვინ ბრძანდებით? რა მისიით ხართ აქ მოსულები, იქნებ გვითხრათ?" - ეკითხებოდნენ დარბაზში მყოფ მათთვის უცხო პირებს საბა ჯიქიას ოჯახის ახლობლები და მეგობრები.
"დამსწრეები ვართ", - ამ ორი სიტყვით შემოიფარგლნენ ისინი და სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს ისხდნენ დარბაზში.
13 ოქტომბერს დანიშნული სხდომა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ გაითვალისწინებს, რომ მომდევნო სხდომები დიდ, მეთორმეტე დარბაზში გაიმართოს და ყველა მსურველს მიეცეს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ჯიქიას საქმეზე დაინიშნა ორი სხდომა, 3 და 19 ნოემბერს. ამ სხდომებზე მხარეები იტყვიან შესავალ და დასკვნით სიტყვებს, ასევე - რეპლიკებს. სიტყვით ისარგებლებს საბა ჯიქიაც.
საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 10 ივლისს მიუსაჯა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა. მის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები.
პროკურატურა სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი სასჯელის გაუქმებას ითხოვს.
13 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა: "მომავალ სხდომაზე ვიტყვით ჩვენს პოზიციას", - თქვა მან.
18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია.
საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.
19 წლის სტუდენტის საქმე პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მეორე საქმეა, რომელზეც სააპელაციო სასამართლო მსჯელობს.
სააპელაციო სასამართლომ 6 ოქტომბერს იმსჯელა პატიმარ გიორგი მინდაძის საქმეზე. როგორც საბა ჯიქიას შემთხვევაში, აქაც პროკურატურა სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე - გაუქმებას. მომდევნო სხდომა გიორგი მინდაძის საქმეზე 28 ნოემბერს ჩატარდება.