პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა ექიმ გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი

1 week ago 6

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული და მოგვიანებით სასამართლოს მიერ გამართლებული ექიმის, გიორგი ახობაძის განაჩენი.

როგორც ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღარაშვილი იუწყება, პროკურორმა სააპელაციო საჩივარი გუშინ, 5 სექტემბერს შეიტანა სააპელაციო სასამართლოში. საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილია.

„ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იქ შევხვდებით“, - წერს ადვოკატი.

თითქმის 8-თვიანი სასამართლო განხილვის და პატიმრობის შემდეგ, 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 43 წლის ანესთეზიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროკურატურამ მალევე განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებდა.

ახობაძე ერთ-ერთია იმ სამ დემონსტრანტს შორის, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული და სასამართლომ გაამართა.

ასე მოხდა ნიკა კაციასა და მანამდე თედო აბრამოვის შემთხვევებში. მსგავსი ბრალდებით დაპატიმრებულ ანტონ ჩეჩინს რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სრულად წაკითხვა