პროკურორ მიხეილ სადრაძის ცნობით, უწყებამ უკვე მიმართა ინტერპოლს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღესვე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. 6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
შედეგად, ის უძრავი ქონება, რაც ბაჩიაშვილის 2,5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული, „თანხის ამოღების მიზნით“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
წინა დღეს, 5 მარტს ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - საზღვრის უკანონო კვეთა - და ამ საქმეზეც პატიმრობა შეუფარდეს.
სომხეთის საზღვრის კვეთა
პროკურატურამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს უკვე მესამე საქმეზე წარუდგინა ბრალი - ამჯერად დაუსწრებლად.
ბრალდება ეხება „საზღვრის უკანონოდ კვეთას“. სასამართლომაც დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დაადგინეს, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა 2 მარტს - ორი დღით ადრე იქამდე, სანამ ის ამის შესახებ თავად განაცხადებდა.
ბაჩიაშვილმა 4 მარტს 12:00 საათზე დაწერა ფეისბუკზე, რომ იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. თუმცა არ დაუზუსტებია, როგორ გადაკვეთა საზღვარი, სად გაემგზავრა და სად არის ახლა.
შსს-ს ვერსია ასეთია:
- ბაჩიაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვრის ქართულ მხარეს არსებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი გაიარა „ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით“;
- ქართული გამშვები პუნქტის ფარულად გადაკვეთის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, „მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა“ და ასე გაიარა საზღვარი.
ბაჩიაშვილს 2023 წლის 11 ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
უცნობია, სომხეთიდან გაემგზავრა თუ არა ბაჩიაშვილი სადმე, - და თუ კი, სად.
ბაჩიაშვილმა 4 მარტს თქვა, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის „სისტემაში არსებული ხვრელები“ გამოიყენა. მისი თქმით, მშობლებმაც დატოვეს ქვეყანა და ევროპაში არიან.
შსს აცხადებს, რომ გამოძიება „აქტიურად“ გრძელდება „დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“.