განცხადება პროკურატურაში პარტიის ლიდერებმა, გენერალურმა მდივანმა თემურ ფიფიამ და თავმჯდომარე მიხელ ჟღენტმა მას შემდეგ შეიტანეს, რაც სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა „პრანკერებმა“ სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი „დაპრანკეს“.
- კრემლის პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, თითქოს ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან „პრანკერების“ საუბარმა გამოაჩინა, რომ საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს უკანონოდ და მალულად აფინანსებენ „დასავლური ძალები“.
- სინამდვილეში, ზურაბიშვილის და ნანუაშვილიც დასავლეთის მიერ დემოკრატიული ძალებისა და მედიის მხარდაჭერის საჭიროებაზე ესაუბრებოდნენ.
- მამუკა ფიფია, - პრორუსული პარტიის საგარეო მდივანი აცხადებს, რომ ის დაეხმარა რუს პრანკერებს სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის „გამასხარავებაში“.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ლიდერებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს საჯარო განცხადებების ფორმით - განცხადება პროკურატურაში, მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრებისათვის განკუთვნილ ყუთში მოათავსეს.
„ვითხოვეთ ხელისუფლებისგან, პროკურატურისგან, მოახდინონ რეაგირება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ ... არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები“, - ამბობს მიხეილ ჟღენტი გავრცელებულ ვიდეოში.
პარტია აცხადებს, რომ მისი ლიდერები იმედოვნებენ, „საქართველოს გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით“.
„პრანკერებმა“, „ვოვანმა და ლეკსუსმა“ (ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა) სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილს დაურეკეს გარი კასპაროვის სახელით - რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ არის გამოცხადებული და მათ პრო-ევროპულ დემონსტრაციებზე ესაუბრნენ.
პრორუსული პარტია წერს, რომ პრანკერებთან საუბარში გამოჩნდა „ოპოზიციის შემდგომი გეგმები კანონიერი ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით“.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) - ნანუაშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია, - განმარტავს, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული სიუჟეტი არის „დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული“ და მისი მიზანია „საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სიმართლის დამახინჯება“.
გავრცელებული ვიდეოს თანახმად, რომელიც დამონტაჟებულია და რუსულად გადახმოვანებული, პრანკერებმა ქართველ პოლიტიკოსთან განიხილეს თბილისში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება.
ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კასპაროვის სახელით მათ ზურაბიშვილს შესთავაზეს დახმარება საქართველოს ორგანიზაციების დაფინანსებაში.
პრანკერების მიერ გამოქვეყნებული რუსული (საუბარი ინგლისურად წარიმართა) თარგმანის მიხედვით, მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მედიას სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულს, აგრეთვე - პროფკავშირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საკითხებით არიან დაკავებულები.
„რაც გაუშვეს ანონსში, მაგალითად, ნიღბიან ფორმირებებსა და მაიდანზე, იმის საპირისპირო იყო, რაც მე ვთქვი, რომ ხელისუფლების ორგანიზებული იყო ნოემბერ-დეკემბერში და არა აქციის მონაწილეების მიერ“, - განუმარტა უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“.
„გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ ინიციატივა, ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის კურსკის ოლქს, მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში, კავშირები „რუს-ქართველ ოლიგარქ“ ოთარ ფარცხალაძესთან... - ასეთია ბოლო პერიოდში გააქტიურებული პრორუსული პარტიის მოკლე დოსიე.