რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ყოფილი მძევლები, ისრაელის და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ტრუფანოვი და მისი ოჯახის წევრები.
შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა, პუტინი არ ახსენებს სიტყვებს მძევალი, მძევლობა, ან ტყვეობა.
„ის, რაც დაგემართათ, დიდი უბედურებაა“, - მიმართა პუტინმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ყოფილ მძევლებს და ისიც უთხრა, რომ მათ გათავისუფლება შედეგია იმ „სტაბილური და მრავალწლიანი ურთიერთობის“, რომელიც რუსეთს აქვს „პალესტინელ ხალხთან და მის წარმომადგენელ სხვადასხვა ორგანიზაციასთან“.
„ვფიქრობ, მადლობის სიტყვები უნდა ვუთხრათ ჰამასის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგეს და ჩაიდინეს ეს აქტი, ჰუმანიტარული აქტი, თქვენ გაგათავისუფლეს“ - უთხრა პუტინმა ყოფილ მძევლებს. მან იმედი გამოთქვა, რომ გათავისუფლდება ყველა ადამიანი, ვინც „ამ მდგომარეობაში“ იმყოფება.
ალექსანდრ ტრუფანოვი, მისი ცოლი საპირ კოენი, დედა ელენა ტრუფანოვა და ბებია ირინა ტატი იყვნენ იმ 250-ზე მეტ მძევალს შორის, რომლებიც ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფებმა 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს ისრაელზე თავდასხმისას და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. მამა, ვიტალი ტრუფანოვი თავდასხმისას მოკლეს.
ქალები მძევლად აყვანიდან 53 დღეში გაათავისფლეს, ხოლო ალექსანდრ ტრუფანოვი - 2025 წლის თებერვალში. მან ჰამასის ტყვეობაში თითქმის 500 დღე გაატარა.