"არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენს მიმართ არსებული მაღალი ნდობა" - ნათქვამია პუტინის მისალოც ტექსტში, რომელსაც კრემლის ვებ-საიტი აქვეყნებს. აქვეა გამოთქმული იმედი, "რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბულურობის განმტკიცების" შესახებ.
19 სექტემბრის დღის ორ საათზე ოკუპირებული ცხინვალის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები ასეთია:
- მარატ კამბოლოვი - 85,12%
- მურატ ვალიევი - 3,75%
- ყაზბეკ კოდოევი - 2,40%
- ზურაბ კოკოევი - 1,35%
- ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა - 5%-მა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.
ცხინვალში არჩევნებს არ აღიარებს არც ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა.
კამბოლოვის გზა
61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.
მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.
მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.
radiotavisupleba ახალი ამბები