ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ის მცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ მართვის მოწმობას გამარტივებული წესით აიღებენ. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსის ცნობით, დოკუმენტი ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
პუტინის განკარგულების შესაბამისად, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონების მცხოვრებლებს ავტომობილების მართვა ადგილზე გაცემული მოწმობებითაც შეეძლებათ.
რუსული მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო იქნება შესაბამისი განცხადება, რუსული პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა, "სამხრეთ ოსეთის პასპორტი ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი", ასევე ცხინვალში გაცემული მოქმედი მართვის მოწმობა. ამავდროულად, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ბრძანების შესაბამისად რუსული მართვის მოწმობების გაცემა შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის „რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს“.
პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“ გაათავისუფლონ რუსული მართვის მოწმობის სახელმწიფო საფასურის გადასახადისგან. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით.
მანამდე პუტინმა იგივე განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვისაც გამოსცა.