რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპს მიულოცა ოფიციალურად გაპრეზიდენტება. პუტინმა ილაპარაკა მოსკოვის მზაობაზე დიალოგისთვის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, უკრაინის ომის საკითხის გარშემო.
პუტინმა დადებითი მიმართება გამოხატა ტრამპის პოზიციის მიმართ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აეწყოს და ესკალაცია უნდა აღიკვეთოს.
"ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩეული [ტრამპის] და მისი გუნდის წევრების განცხადებებს მათ სურვილზე აღდგეს პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან - რომელიც გაწყდა ჩვენი ბრალეულობის გარეშე, მიმავალი ადმინისტრაციის მიერ" - განაცხადა პუტინმა.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება. წყაროთა ცნობებით, საუბრის მიზანი, მათ შორის, იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპის გუნდი იუწყებოდა ასევე ორი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტისთვის მზადებაზეც.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, ვაშინგტონის დროით დღის 12 საათზე (თბილისის დროით საღამოს 9 საათი), 20 იანვარს.
პირველად 100 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ინაუგურაციაზე მიიწვიეს უცხოეთის სახელმწიფოთა ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა ცერემონიაზე ჩინეთი წარმოდგენილი იქნება მისი მოადგილის, ჰან ჩჟენის მიერ. უწინ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას მხოლოდ ჩინეთის ელჩები ესწრებოდნენ ხოლმე. ჰან ჩჟენი უკვე შეხვდა მომავალ ვიცე-პრეზიდენტს, ვენსს.
რუსეთი ინაუგურაციის ცერემონიაზე არ იქნება წარმოდგენილი.
საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.