„ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით გავესაუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. ეს თბილისის დროით 18:00 საათია.
„ზარის თემები იქნება შეჩერება სისხლისღვრისა, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს, ასევე, ვაჭრობა“, - წერს იგი.
„შემდეგ გავესაუბრები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრს“, - წერია მის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში.
„იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი, - ომი, რომელიც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, - დასრულდება. ღმერთმა დაგვლოცოთ ყველანი“, - წერს ის.
მცირე ხნით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დონალდ ტრამპს ექნება რეაგირება ვლადიმერ პუტინის ცინიკურ დამოკიდებულებაზე.
3-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს განახლებულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე კრემლი კვლავ უარს აცხადებს.
პუტინმა თურქეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა და იქ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა.
დონით შეუსაბამო რუსეთის დელეგაციას არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
16 მაისს, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად, ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ალბანეთიდან დაუკავშირდნენ პრეზიდენტ ტრამპს.