ჟანრი ლოლაშვილი პატრიოტიზმზე

1 week ago 10

მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს ქართველებისთვის განსაკუთრებულად სათუთ თემაზე – პატრიოტიზმზე – საკუთარი მოსაზრება აქვს:

“მიზანდასახულობა არის ავადმყოფობა და კრეტინიზმი. მიზანდასახული ადამიანი საშიში კი არ არის, საშაშიშოა. უფრო საშაშიშოა პატრიოტი – გახელებული პატრიოტი – ადუღებული გონებით, ვითომ ახლა სამშობლოზე ფიქრობს – პატრიოტია! ამით უნდა დამალოს საკუთარი მანკიერი მხარეები. სამშობლოს ვჭირდებით! –  არ დაიჯეროთ, სამშობლოზე ვინც ფიქრობს, ის წყნარად, მშვიდად აკეთებს სამშობლოს საქმეს და არ წივის და არ კივის და გუნებაში აქვს და სხეულში და აზროვნებაში, რომ საქმე უნდა გააკეთოს და აკეთებს წყნარად, მშვიდად. თუ სხვაზე იფიქრებ უფრო მეტს, ვიდრე საკუთარ თავზე, ყველგან მიხვალ. ეს დანამდვილებით ასეა. სხვაზე როცა ფიქრობ, ლამაზდები – თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემნაირი კაციც კი ლამაზდება.

ცხოვრება არის ჯახი, მაგრამ მშიშარა არ უნდა იყო. ის, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ამის მოსმენის თავი აღარ მაქვს უკვე – სულ ბრძოლა როგორ შეიძლება?! რუსებმა  იციან “ნუჟნა ბაროტსია” (უნდა იბრძოლო), არაფერი ბრძოლა არ უნდა – ქვეყანა სხვანაირი უნდა გახდეს, ბევრი უნდა ვიფიქროთ, უნდა გავერთიანდეთ. ცხოვრების შიდაგანაწესი არის კონსტიტუცია, ურთიერთობა და მაინც მე მირჩევნია ყველაფერს ხელოვნება, ამიტომ შევალიე მთელი სული და გული მხატვრობას, თეატრს, მუსიკას. ვცდილობ ვილაპარაკო ხელოვნების ენით ხელოვნებაზე.

ამ ჩვენს რაღაცნაირ საქართველოში, არ მინდა ვთქვა რანაირში, სათქმელი და სალაპარაკო ყოველ დღეა და არის ერთი ამბავი. კაცობრიობის გამოცდილებას პატივი უნდა ვცეთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი სკოლა და ახალი ფურცლიდან არ უნდა დავიწყოთ რაღაცების ძებნა. არის რაღაცა ახალი “იზმები” და ასე დაუსრულებლად… ფანტასტიური ტყუილებით გაჯერებული სახე, არაფრისმთქმელი სახე – ასეთი ხალხის მეშინია, მიფიქრია, ერთი ამისთვის ახლა პანჩური ამომარტყმევინა-მეთქი. კარგია, როცა ამაყი ხარ, მაგრამ საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს შენ. ეს დიდაქტიკური ტონი არ არის, მეგობრული რჩევაა – ყველამ ვაკეთოთ ჩვენ ჩვენი საქმე და თუ ვინმე ყურადღებას მოგაქცევს, უნდა ჩათვალო, რომ ბედნიერი ხარ. ჩვენ გადაგვარჩენს პროფესიონალიზმი, ერთად ყოფნის გენიალურობა,  ერთმანეთით აღტაცება, ერთმანეთისთვის შენება და საქართველო იქნება მშვენიერი, დალაგებული და ლამაზი ქვეყანა.”

სრულად წაკითხვა