დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, “აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავებისა და ხელმოწერის აუცილებლობაზე”.
დე ფაქტო უწყების მტკიცებით, ამ დოკუმენტის ხელმოწერა მოლაპარაკებების ფორმატის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება და სხვა თემები, რომელთა განხილვაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.
დე ფაქტო აფხაზურმა მხარემ, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თანათავმჯდომარეებს თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლის, ადნან მენდერესის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ელჩინ აძინბას შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, აძინბამ თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ ჟენევაში, გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმის სესიაზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მხრიდან ზეწოლას, მუქარასა და კიბერშეტევებს დაექვემდებარა. უწყების თანახმად, აძინბამ ფორუმზე აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა დოკუმენტების არაღიარების საკითხები წამოჭრა.
როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სოხუმში შეხვედრამდე თბილისში იმყოფებოდნენ. 26 ოქტომბერს მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეები და მათი დელეგაციების წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია უძღვებოდა.
ქართული მხარისთვის პრიორიტეტული საკითხები იყო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გამოწვევები. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ქმედებები, რომლებსაც საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებად აფასებს.
netgazeti