ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ სახლთან დააკავა

3 hours ago 5

ტვ "ფორმულის" ჟურნალისტი ვახო სანაია თავის სახლთან დააკავეს, სადაც ის ელოდა კიდეც პოლიციის მისვლას, მას შემდეგ რაც მოსამართლემ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის.

ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში მოათავსებენ ჟურნალისტს. ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს ამ შეკითხვაზე პოლიციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს. რადიო თავისუფლება მის გარკვევას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

სანასია სახლთან იმყოფებოდნენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგებიც. მათ გამამხნევენელი შეძახილებით გააცილეს ჟურნალისტი.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო.

პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.

ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა, „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

პატიმრობა კი მეორე სტატუსს მოჰყვა, „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“, - დაწერა ვახო სანაიამ მოგვიანებით.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ვახო სანაია არ ესწრებოდა.

როგორც ვახო სანაიამ უთხრა მოგვიანებით ტვ "ფორმულას", როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მოსამართლეებმა, იმის თქმას, რისი სურვილიც აქვს, მას ვერავინ აუკრძალავს.

"თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული. არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემი სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. გამოხატვის თავისუფლება თუ კი ქვეყანაში განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე და ეს ვერ მოხდება, ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა“, - თქვა ვახო სანაიამ.

შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა სასამარლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განმარტა მათი შუამდგომლობის შინაარსი, რაც მისი სიტყვებით სასამართლომაც გაიზიარა.

"ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ბატონო ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამარლო სხდომებს არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შაუმდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა", - თქვა შსს-ს წარმოადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

მისი სიტყვებით ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე შემთხვევა ვახო სანაიას მხრიდან. რაც შეეხება კონტრეტულ პოსტს, ამასთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენელმა სემდეგი განმარტება გააკეთა.

"არ იყო დისცანტირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. აქედან გამომდინარე, მისი ვითომდა ეს დისტანციება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხიმგებლობისგან გამომიცხავ გარემოებად, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში მხოლოდ წინადადების ლიტერატურულ და ტრამატიკულ წყობას, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა შეფასებისთვის, არამედ მიზანს ასევე კონტექსტს და შინაარსს. რაც, ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მხრიდანაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული", - თქვა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე.

სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000 ლარამდე.

ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მანამდე, 25 ივნისს, ფეისბუკში ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ოსიყმაშვილი.

სრულად წაკითხვა