რა იცვლება შენგენის ზონაში შესვლის წესებში 12 ოქტომბრიდან – რას უნდა ველოდოთ ETIAS-ის ამოქმედებამდე

4 days ago 3

ევროპაში მოგზაურობის წესები თანდათან იცვლება – 2025 წლის 12 ოქტომბრიდან ევროკავშირი იწყებს საზღვრის კვეთის (შესვლისა და გასვლის) ციფრული სისტემის (EES) ამოქმედებას, ხოლო მომდევნო ნაბიჯი იქნება ETIAS-ის ძალაში შესვლა 2026 წლის ბოლოს.

ეს ცვლილებები შეეხება ევროკავშირის არაწევრი იმ ქვეყნების მოქალაქეებსაც, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, მათ შორის, საქართველოს.

რა არის EES

EES (Entry/Exit System) – ევროკავშირის ახალი ციფრული ბაზაა, რომელიც ყველა მოგზაურის შესვლასა და გასვლას ავტომატურად დაარეგისტრირებს შენგენის საზღვრებზე.
სისტემა შეცვლის პასპორტში საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭდვის დასმის პრაქტიკას და ავტომატურად შეინახავს ინფორმაციას:

  • ვიზიტის თარიღზე
  • დარჩენის ხანგრძლივობაზე
  • პასპორტის მონაცემებზე და
  • ბიომეტრიულ იდენტიფიკაციაზე (ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები)

EES-ის გამოყენებისთვის საჭირო არ არსებობს რაიმე სახის საფასურის ან მოსაკრებლის გადახდა არც მოქალაქის, არც ქვეყნების მიერ.

ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეტაპობრივად გავრცელდება შენგენის ზონის ყველა ქვეყნის საზღვრებზე 2026 წლის გაზაფხულამდე.

შემდეგი ეტაპი – ETIAS

ETIAS (European Travel Information and Authorisation System) — ევროკავშირის ახალი ციფრული ნებართვაა, რომელიც 2026 წლის ბოლოს ამოქმედდება.

მისი დანერგვის მიზანია ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერება და იმ მოგზაურთა წინასწარი შემოწმება, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ შედიან.

ETIAS არ არის ვიზა — ეს მხოლოდ წინასწარი ელექტრონული ნებართვაა, რომელიც მოგზაურებმა გამგზავრებამდე უნდა შეავსონ.

ETIAS-ის სამიზნე ქვეყნები

ETIAS-ის შევსება მოუწევთ ევროკავშირის არაწევრი ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს, მათ შორის:

  • საქართველოს,
  • უკრაინის,
  • მოლდოვის,
  • ალბანეთის,
  • სერბეთის,
  • აშშ-ის,
  • დიდი ბრიტანეთის,
  • კანადის,
  • ავსტრალიისა და სხვა.

როგორ იმუშავებს სისტემა

  1. განაცხადი შეივსება ონლაინ ოფიციალურ ვებგვერდზე: etias.europa.eu;
  2. მოგზაურმა უნდა მიუთითოს პირადი და სამოგზაურო მონაცემები, უპასუხოს უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე კითხვას და გადაიხადოს 7 ევრო;
  3. უმეტეს შემთხვევაში ნებართვა გაიცემა რამდენიმე წუთში;
  4. მიღებული ნებართვა მოქმედებს სამი წლის განმავლობაში ან მანამ, სანამ პასპორტის ვადა ამოიწურება.

18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირები 7 ევროს გადასახადი არ ეხებათ.

ცვლის თუ არა ეს უვიზო რეჟიმს?

არა – უვიზო რეჟიმი უცვლელი რჩება.
ETIAS-ი, უბრალოდ, ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში გამგზავრებამდე მოგზაურმა უნდა გაიაროს წინასწარი ავტორიზაცია, რათა ევროკავშირის უსაფრთხოების ბაზებმა გადაამოწმონ მისი მონაცემები.

ეს სისტემა იმის მსგავსია, რასაც აშშ იყენებს ESTA-ს სახით.

ხშირად დასმული კითხვები

– მჭირდება ვიზა, თუ ETIAS მაქვს?
არა. ETIAS არ არის ვიზა – ეს მხოლოდ ნებართვაა უვიზო შესვლაზე.

– მოქმედებს თუ არა შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში?
დიახ, ETIAS-ი ვრცელდება შენგენის ზონის ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, შვეიცარიაზე, ნორვეგიაზე, ისლანდიასა და ლიხტენშტაინზე.

– რა მოხდება, თუ ETIAS-ის პასუხი უარყოფითია?
შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, რომელმაც უარყოფითი პასუხი მოგცათ.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა