რა პროცედურული დარღვევების ფონზე დატოვეს პატიმრობაში 19 მოქალაქე – “ჩემი ხმა”

5 hours ago 1

კოალიცია “ჩემი ხმა” საუბრობს იმ პროცედურულ დარღვევებზე, რომელთა ფონზე წარიმართა სასამართლო სხდომები 10 და 11 იანვარს. საუბარია პროევროპული აქციების მონაწილეებზე, რომლებიც გასული წელს, დეკემბრის დასაწყისში დააკავეს.

10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუფაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები. ყველა მათგანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები. მათგანს სამს – ცეცხლაძეს, კაძელაშვილსა და კასრაძეს ბრალი 225-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ხოლო დანარჩენ 5-ს ამავე მუხლის 2-ე ნაწილით. 

ორივე საქმეზე ერთი და იგივე პროკურორები მუშაობენ – გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა იყვნენ. 

“ჩემი ხმა” ჩამოთვლის შემდეგ პროცედურულ დარღვევებს:

  • პროკურატურის დაუსაბუთებელი პოზიციები: პროკურორებს პროცესებზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. პროკურატურის პოზიციები შაბლონური იყო.
  • მიკერძოებული მოსამართლეები: ორივე სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან დადგა შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე. დაცვის მხარის ადვოკატები ორივე შემთხვევაში მიუთითებდნენ მოსამართლის მიკერძოებულობაზე.
  • საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო ამ პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე ის, რომ ერთ საქმედ 11 ბრალდებულის, ხოლო მეორე საქმეზე 8 ბრალდებულის საქმეები იყო გაერთიანებული, მოსამართლეებმა ორივე სხდომა პატარა დარბაზში ჩანიშნეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ დარბაზი შეცვალა. ირაკლი ხუსკივაძემ უარი თქვა დარბაზის ცვლილებაზე, რის შედეგადაც სხდომაზე, ვერ შემოვიდნენ ზოგი ბრალდებულის ოჯახის წევრიცა კი.
  • დაცვის უფლების შეზღუდვა: მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვა პროცესუალურ დარღვევებს დაემატა ასევე დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა, გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული – 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასწრაფოს გამოსაძახებლად იყო გასული, მოსამართლემ პროცესი არ შეაჩერა და მისი დასწრების გარეშე განაგრძო სხდომა. პროცესზე შესვენება მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული თხოვნით გამოცხადდა. საბოლოოდ, ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ბრალდებულების სათანადო დაცვა უჟანგბადობის გამო შეუძლებელი გახდა. ხუთ ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის ადვოკატები დაუნიშნეს. სავალდებულო დაცვის ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინა მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. 

ორივე საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს იყო ჩანიშნული. თუმცა, 9 იანვარს, პროკურორების მიმართვის საფუძველზე, მოსამართლეებმა სხდომების მარტამდე გადადება გადაწყვიტეს. თითქმის ორი თვით გადადების მოტივი პროკურატურის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები გახდა – პროკურორების თქმით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე სჭირდება უფრო მეტი დრო სასამართლოში საბრალდებო პროცესის დასაწყებად.

სწორედ ამიტომ, 10 და 11 იანვარს ჩატარდა დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვის სხდომა. მარტივად რომ ვთქვათ, მოსამართლეებს უნდა გადაეწყვიტათ, გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში ისინი კვლავ პატიმრობაში დარჩებოდნენ, თუ გათავისუფლდებოდნენ. ორივე მოსამართლემ 19-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა