WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) შეფასებით, საქართველოში რუსული Wildberries-ის გაფართოება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ ცენტრის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მიმოხილულია საფრთხეები, რომელსაც კომპანიასთან კავშირი მის პლატფორმაზე განთავსებულ ქართულ ბრენდებს, მომხმარებლებს, ქართულ ბანკებს და ზოგადად, ქვეყანას უქმნის.

Wildberries-ი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც „რუსულ ამაზონსაც“ უწოდებენ.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინული დარტყმებით Wildberries-ის სულ მცირე 8 საწყობი იყო მწყობრიდან გამოყვანილი, 20-ზე მეტი ობიექტი კი – დაზიანებული.

EPRC-ს განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის სასაწყობე ინფრასტრუქტურა უკრაინული დრონების სამიზნედ იქცა, ხოლო კომპანიის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილი – Wildberries Bank საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, Wildberries საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არა მხოლოდ სავაჭრო ქსელს, არამედ ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურასაც ავითარებს.

EPRC-ს შეფასებით, მეზობელი, მათ შორის კავკასიის ქვეყნები და, კერძოდ, საქართველო კრემლთან და სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან კავშირების მქონე კომპანიის „გადარჩენის ოპერაციის“ ნაწილად შეიძლება გადაიქცეს.

„საქართველოში Wildberries-ის ოფიციალური გაყიდვების ინფრასტრუქტურა მიუთითებს საწყობებზე, დახარისხების ცენტრებზე (СЦ) და შეკვეთების გაცემის პუნქტებზე (ПВЗ). 2026 წლის 4 ივნისს განახლებული ოფიციალური ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ გამყიდველებს შეუძლიათ რუკაზე შეარჩიონ საწყობი ან დახარისხების ცენტრი და გაეცნონ საქონლის მიღების პირობებს, ლოჯისტიკურ ტარიფებს, დახარისხების ვადებსა და მომხმარებლამდე მიწოდების დროს.

შესაბამისად, როგორც ჩანს, საქართველოში Wildberries-ის საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეკვეთების გაცემის პუნქტებით – კომპანია იყენებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას საქონლის მიღების, დახარისხებისა და შემდგომი მიწოდებისთვის. თუმცა დიდი ლოჯისტიკური ცენტრის არსებობა ამ ეტაპზე საქართველოში ღია წყაროებით არ დასტურდება, ისევე, როგორც აზერბაიჯანში“, – ნათქვამია EPRC-ს ანგარიშში.

EPRC-ს ანგარიშის მიხედვით,  2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია პირდაპირ Wildberries-ის პლატფორმის საშუალებით გაეყიდა.

EPRC აქვეყნებს ამ ეტაპისთვის, ქართულ, რუსულ და მეზობელი ქვეყნების პორტალებზე განთავსებული ქართული ბრენდების სავარაუდოდ არასრულს ჩამონათვალს, ვინაიდან ცენტრის განცხადებით, სრული ჩამონათვალის მოძიება საკმაოდ რთულია იმის გამო, რომ ბრენდები პლატფორმაზე წარმოშობის ადგილის მიხედვით არ იძებნება.

EPRC-ს თანახმად, Wildberries-ის პლატფორმაზე განთავსებული ქართული ბრენდების, სავარაუდოდ არასრული ჩამონათვალი, ასეთია:

  • Borjomi
  • Nabeghlavi
  • Natakhtari
  • Zedazeni
  • Gurieli
  • Kula
  • Badagoni
  • Chateau Mukhrani
  • Askaneli
  • Sarajishvili
  • MACH & MACH
  • ANOUKI
  • Aleksandre Akhalkatsishvili.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Wildberries ე.წ. მარკეტპლეისის მოდელით ფუნქციონირებს. შესაბამისად, პროდუქციის არსებობა პლატფორმაზე თავისთავად არ ნიშნავს, რომ გაყიდვას უშუალოდ მწარმოებელი ან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებს. ბრენდები, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც უშუალოდ მწარმოებლის, ასევე გადამყიდველი კომპანიის მიერ.

ამასთან, თუ პროდუქცია პლატფორმაზე დამოუკიდებელმა რითეილერმა განათავსა, მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში, ბრენდებს აქვთ შესაძლებლობა ასეთი გაყიდვები შეზღუდონ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ან სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით“, – ნათქვამია EPRC-ს ანგარიშში.

რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემა?

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის განცხადებით, Wildberries-ის საქართველოში გაფართოება უკვე აღარ არის მხოლოდ უბრალოდ ბიზნესის და მარტივი ონლაინ ვაჭრობის საკითხი, რადგან:

  • „Wildberries არის ბიზნესი, რუსული სავაჭრო და საფინანსო სისტემა, რომლის კონტაქტები კრემლთან, ფაქტობრივად, დადასტურებულია. კომპანიის ფინანსური ჯგუფი Wildberries Bank დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დაასანქცირა, როგორც რუსეთის ხელისუფლების სამხედრო და აგრესიული ინტერესების გატარების ფინანსური მხარდაჭერის ინსტიტუტი; პლატფორმა რუსეთის სამხედროებისთვის საჭირო საქონლის, მათ შორის სამხედრო გამოყენებისთვის განკუთვნილი და ორმაგი დანიშნულების საქონლის შესაძენად გამოიყენება, რაც დამოუკიდებელმა მედია-გამოძიებებმაც დაადასტურა.
  • პრობლემურია საქართველოში ამ საქონლით ვაჭრობისა და ექსპორტის კონტროლის ეფექტური მექანიზმის არსებობაც, რაც ქვეყანაში სანქცირებული ან ორმაგი დანიშნულების პროდუქტით ვაჭრობისა და რეექსპორტის დამატებით რისკებს ქმნის.
  • ამ ფონზე საქართველოში Wildberries-ის არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ ადგილობრივი ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება განსაკუთრებული რისკია. რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის სასაწყობე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანების შემდეგ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქსელი კომპანიისთვის კიდევ უფრო ღირებული ხდება. შესაბამისად, საქართველო შეიძლება იქცეს ინფრასტრუქტურის იმ რეგიონული დივერსიფიკაციის ნაწილად, რომელიც Wildberries-ს ომისა და სანქციების შედეგად მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმარება.
  • პრობლემურია ქართული ბიზნესის ამ სისტემაში მზარდი ინტეგრაციაც. Wildberries-ზე უკვე იყიდება ქართული ბრენდების პროდუქცია, ხოლო ქართველ მეწარმეებს პლატფორმა პირდაპირ გამყიდველებად ჩართვას სთავაზობს. ეს, აცნობიერებენ თუ არა ამას თავად, ქართული კომპანიებისთვის რეპუტაციული რისკის შემცველიცაა და პერსპექტივაში, შესაძლოა, ფინანსური რისკების წყაროც გახდეს.
  • Wildberries-ის საქართველოში საქმიანობა სანქციურ რისკს ფინანსური სექტორისთვისაც ქმნის. კომპანიის ეკოსისტემაში შედის Wildberries Bank, რომელიც 2026 წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა, მისი მოწილეა (5%) ასევე სანქცირებული VTB. საქართველოში, სადაც მომხმარებლები პლატფორმაზე ქართული საბანკო ბარათებით იხდიან, ეს გარემოება ადგილობრივი ბანკებისთვის სანქციებთან შესაბამისობისა და ტრანზაქციების სათანადო შემოწმების დამატებით რისკს ქმნის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც Wildberries Bank-ის სანქცირების შემდეგ პასუხისმგებლობა თავად ფინანსურ ინსტიტუტებზე გადაიტანა და განმარტა, რომ სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლის რისკი თითოეულმა მათგანმა თავად უნდა შეაფასოს.
  • სწორედ ამიტომ, სანქცირებულ ფინანსურ სტრუქტურასთან, კრემლის მხარდაჭერილ ბიზნესპროექტთან და რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გამოყენებულ პლატფორმასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საქართველოში გაძლიერება ვერ ჩაითვლება უბრალოდ „უცხოურ ინვესტიციად“ ან საცალო ვაჭრობის განვითარებად;
  • თუ სახელმწიფო ფაქტობრივად წაახალისებს კომპანიის გაფართოებას საქართველოში, მკაცრ საბაჟო და ფინანსურ კონტროლს არ განახორციელებს კომპანიის ვაჭრობაზე, ქართული ბანკები და ქართველი ბიზნესმენები კი მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობის დროს, საქართველო შეიძლება გახდეს იმ ეკონომიკური და ლოჯისტიკური ქსელის ნაწილი, რომელიც რუსულ ბიზნესს, ომისა და სანქციების პირობებში, მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამას კი თავისი უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის აუცილებლად ექნება“, – ნათქვამია EPRC-ს ანგარიშში.