საქართველო მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატად და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, — ასეთია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მთავარი მიგნება საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
საქართველო და თურქეთი
გაფართოების პაკეტის კომუნიკაცია, რომელიც 10 კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანას (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო) აფასებს, საქართველოს ძირითადად თურქეთთან აწყვილებს, რომელთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების პაკეტის მიხედვით, 10 ქვეყანას შორის, დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლებები და კანონის უზენაესობა კიდევ უფრო გაუარესდა საქართველოში და თურქეთში. ასევე, ინსტიტუციური დამცავი მექანიზმების დემონტაჟი გაგრძელდა საქართველოში და თურქეთში. სასამართლოს დამოუკიდებლობა სერიოზულად შესუსტებული რჩება, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში, თუმცა, პოლიტიკური და სხვა სახის არასათანადო გავლენა სასამართლო
ინსტიტუტებზე პრობლემად რჩება რამდენიმე კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოში ადგილი აქვს პოლიტიკურ ან პირად ინტერესებზე დაფუძნებულ ჩარევასა და გავლენას სასამართლოებსა და პროკურატურაზე. ანალოგიურად სერბეთშიც, სადაც არასათანადო ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოსნია და ჰერცეგოვინაში გასაუმჯობესებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
„მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად საკვანძოა საკანონმდებლო რეფორმები და კეთილსინდისიერების შემოწმება. ყველაზე მძიმე ვითარება საქართველოში და თურქეთშია. სახელმწიფოს მიტაცების რისკი კვლავ თვალსაჩინოა, განსაკუთრებით საქართველოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და თურქეთში“, — ნათქვამია გაფართოების პაკეტის კომუნიკაციაში.
ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოები, ევროკომისიის შეფასებით, გაფართოების ქვეყნებში ზოგადად არსებობს, თუმცა მათი დანერგვა და აღსრულება არათანაბარია და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა თურქეთსა და საქართველოში. რეგიონის მასშტაბით გასაუმჯობესებელია ადამიანის უფლებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო და ევროპული საზედამხედველო ორგანოების რეკომენდაციების აღსრულება, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში.
ჟურნალისტების უსაფრთხოება შეშფოთების საგნად რჩება რამდენიმე ქვეყანაში და ანგარიშის მიხედვით, კიდევ უფრო გაუარესდა სერბეთში, საქართველოში და თურქეთში.
კანდიდატი მხოლოდ სახელით
გაფართოების პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი. 2026 წლის პაკეტი პირველად მოიცავს საგზაო რუკებს ოთხი მოწინავე ქვეყნისთვის: მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და კომისიის მიერ საქართველოს, როგორც მხოლოდ სახელით კანდიდატი ქვეყნის, შეფასება ძალაში რჩება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესის სარგებლით.
„2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ განხორციელდებოდა შესაბამისი რეფორმები (ე.წ. ცხრა ნაბიჯი). საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, 2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ხელისუფლების მოქმედების კურსმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რამაც დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მწუხარება გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც 2028 წლამდე შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის კომუნიკაციაში, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს გაწევრიანების პროცესი კვლავ შეჩერებულია, 2026 წლის ანგარიში ფოკუსირებულია გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებზე და სხვა თავებისთვის რეკომენდაციებს არ აწესებს.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზიის, ძალაუფლების გაძლიერებული კონცენტრაციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლის, სამოქალაქო სივრცის შემდგომი შევიწროების, ასევე ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკისა და დეზინფორმაციის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიის თანახმად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ზოგადი საარჩევნო ჩარჩოს რეფორმირებისთვის და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები „უკიდურესად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში“ ჩატარდა, რამაც სერიოზულად შელახა პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა. ეს მოიცავდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ოპოზიციური პარტიების უმეტესობის ბოიკოტს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არარსებობას, ამომრჩეველთა დაშინებასა და ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების ნაკლებობას.
„საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ახალი, მკაცრი შეზღუდვები პოლიტიკურ საქმიანობასა და მოქალაქეთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, რაც ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა და დემოკრატიული პლურალიზმი კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერების უმეტესობას ახლა სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება, ან ემიგრაციაში, ან ციხეში იმყოფებიან. ქალები საჯარო სამსახურში სულ უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილნი“, — წერია დოკუმენტში.
ევროინტეგრაციის მიმართულებით, კომისიის თანახმად, ხელისუფლების გაცხადებული სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინააღმდეგობაში მოდის მათ სისტემატურ ჩართულობასთან ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრულ რიტორიკაში, ფუნდამენტური ღირებულებების შელახვასა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების შეუსრულებლობასთან.
მმართველობის კუთხით, კომისიის შეფასებით, საქართველომ განაგრძო მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და კონცენტრაციის ტენდენცია. სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებდა პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზეწოლას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის უფლებადამცველები, ევროკომისიის შეფასებით, მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც კვლავ უარესდება.
„სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული დარაჯის როლს საფრთხე შეექმნა, ხოლო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი მუქარების წინაშე დგანან. ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკების კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას და სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შევიწროება გამოიწვია. დამატებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი გამოძიებები „საბოტაჟის“, „უცხოური ორგანიზაციების მტრულ საქმიანობაში დახმარების“, „კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებისა“ და „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ მუხლებით. ეს ქმედებები არის იძულებითი და, საბოლოო ჯამში, შეუთავსებელია დემოკრატიულ პლურალიზმთან. ისინი შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან“, — ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს „თანხვედრის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა“.
ანგარიშში საქართველოში პოზიტიურად ფაქტობრივად მხოლოდ ძლიერ, 7.5%-იან ეკონომიკურ ზრდას აფასებს.
უვიზო მიმოსვლა
„საქართველოს ხელისუფლებამ არ განიხილა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის“, — ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში.
ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შემდგომი დაახლოება კვლავ აუცილებელია, ისევე როგორც თავშესაფრისა და დაბრუნების სისტემების გაძლიერება, ევროპული ინტეგრირებული საზღვრის მართვის და, საბოლოო ჯამში, შენგენის კანონმდებლობის განსახორციელებლად მომზადება.
„მონტენეგრომ შეცვალა თავისი სავიზო პოლიტიკა და 2026 წლის 31 ოქტომბრიდან სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიას, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს; ჩრდილოეთ მაკედონიამ თითქმის სრულ თანხვედრას მიაღწია, თუმცა სხვა პარტნიორებმა, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინამ, საქართველომ, კოსოვომ და სერბეთმა, თავიანთი ძალისხმევა უნდა გააძლიერონ. ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრულ დაახლოებამდე, გაფართოების სხვა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ვიზისგან გათავისუფლებული მესამე ქვეყნის მოქალაქეების მკაცრი სკრინინგი, რათა თავიდან აიცილონ უსაფრთხოების ან არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი რისკი ევროკავშირის მიმართ“, — ნათქვამია ანგარიშში.
დასკვნა
„საანგარიშო პერიოდში ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით დაფიქსირებული უწყვეტი უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება და კვლავაც უარს ამბობს იმ სარგებელზე, რაც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანების წინარე პროცესს მოაქვს. მმართველმა პარტიამ საქართველოში გააგრძელა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს
შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით. სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო და მკაცრად შეიზღუდა. საქართველო კვლავ ვერ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციით განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუსწორებია ის პრობლემები ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელთა გამოც ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური
პასპორტების მფლობელებისთვის, რითაც რისკის ქვეშ დააყენა უვიზო რეჟიმი უფრო ფართო გაგებით“, — ნათქვამია ანგარიშში.
კომისია ცხადებს, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რჩება მტკიცე, ისევე როგორც მისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას — დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს — ევროკომისიის თანახმად, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეიძლება განახლდეს. კომისია ამგვარ განახლებას მიესალმება.
netgazeti