WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, საქართველო ევროკავშირთან კოლიზიის კურსზე დგას“, — განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას.

კალასის თანახმად, ევროკავშირის საბჭო „ქართული ოცნების“ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, რაზეც ერთსულოვნება არაა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.

„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. და დიახ, სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე — თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი… რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ მომენტისთვის, ყველაფერი მაგიდაზეა“, — განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისე რეაგირება, რომ ქართველ ხალხს ზურგი არ აქციონ, მთავრობას კი მკაფიო გზავნილი გადასცენ.

გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გასული წლის განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით.

„ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და ხელახლა დაადასტურებს ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი. ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი უცვლელი რჩება. ჩვენ ვიცით და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვსურს დავინახოთ საქართველო ისევ ამ გზაზე“, — განაცხადა მარტა კოსმა.

ევროკომისიამ 4 ნოემბერს გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატად და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში