WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად 2027 წლის იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად იმსჯელებს – წევრ ქვეყნებში კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

„იანვარში, [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, განვიხილავთ საქართველოს საკითხს – თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ დავუჭიროთ მხარი ხალხსა და მათ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა 4 ნოემბერს კაია კალასმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად.

მან გაიმეორა, რომ „ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, რაც დემოკრატიული პროცესების უკუსვლით არის განპირობებული“ და „აშკარაა, რომ სწორი მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება“.

„რაიმეს თქმა ადრეა“ – კალასი

რაც შეეხება დამატებით ზომებზე შეკითხვაზე, კაია კალასმა განაცხადა: „ჯერ ადრეა რაიმეს თქმა“ და სწორედ ამაზე იმსჯელებენ იანვარში. შემდეგ დასძინა:

„არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის მთავარია, ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რითაც მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას და ზურგს არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ამავდროულად, მთავრობასაც მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსგავს პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ“.

მან ასევე თქვა, რომ „ამ მომენტში მაგიდაზე ყველაფერი დევს“.

ბრიუსელში ამავე პრესკონფერენციაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კი განაცხადა:

„ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა ხელისუფლებას კურსის შეცვლა მოუწევს… ჩვენ ვიცით – და ეს იმედს გვაძლევს, – რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ჩვენ კი გვსურს, ვიხილოთ საქართველო, რომელიც კვლავ ამ გზას დაადგება“.

გაფართოების ახალი ანგარიში და საქართველო

მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ - სადაც საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:

  • ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
  • საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
  • ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.

გამოხმაურებები თბილისში

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს“.

„ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო“, - თქვა მან.

დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშზე საუბრისას თქვა:

„იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი“.