რადიო თავისუფლების ავტორის, თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ „ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ ფინალშია

3 hours ago 1

რადიო თავისუფლების ავტორის, თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“ „ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ (EUPL) ფინალშია.

პრემიის ეროვნული ნომინანტი წელს პირველად საქართველოს პენცენტრმა გამოავლინა. 2025 წლამდე კონკურსს საქართველოში „მწერალთა სახლი“ ატარებდა.

როგორც გამომცემლობა "ინტელექტი" აღწერს, თეა თოფურიას წიგნი, „იაკობის ჭასთან“ ადამიანზე გვიყვება, რომანის ჟანრი მაგიური რეალიზმია:

"ავტორი აღწერს პატარა ერის ისტორიას, რომლის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დამპყრობელს გაჰქცეოდა და გადასახლებულიყო. ამის შემდეგ სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, გადასახლებულები, რომლებიც რთულ, მაგრამ ახალ ცხოვრებას იწყებენ და დარჩენილები, რომელთაც, მუდმივი ნოსტალგიისა და ნიჰილიზმის კვალდაკვალ, დამპყრობლებთან თანაცხოვრება უწევთ".

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის შანსი, რომელიც ქართულ კულტურას, ლიტერატურას საშუალებას აძლევს თავი გააცნოს, შეეჯიბროს, ხანდახან აჯობოს ევროპის ქვეყნებiს პროზას, პოეზიას... იმედი მაქვს, ყოველთვის გვექნება ამის საშუალება", - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა თოფურიამ.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს გამორჩეული სამწერლო ნიჭის მქონე ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ.

"ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის" (EUPL) გამარჯვებულს, საერთაშორისო ჟიური 16 მაისს, პრაღის წიგნის ბაზრობაზე გამოავლენს.

სრულად წაკითხვა