რატომ არ ჰგავს „რუსული კანონი“ ამერიკულსა და ავსტრალიურს – ეუთო/ოდირის განმარტება

3 weeks ago 18

ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, განმარტავს რატომ არ ჰგავს “ოცნების” კანონპროექტი ამერიკულსა და ავსტრალიურს.


„ქართული ოცნება“  რუსული კანონის განმარტებით ბარათში მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითად, აშშ, ავსტრალია და ისრაელი მოჰყავს.

„კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA)). 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA)). ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ“, — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეუთო/ოდირს, რომელმაც შარშან, სახალხო დამცველის მიმართვების საფუძველზე მოამზადა სამართლებრივი დასკვნა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ ორ კანონპროექტზე, განმარტებული აქვს, რატომ არ ჰგავდა ეს კანონპროექტები ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამდა, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში.

ეუთო/ოდირის დასკვნა სხვა ქვეყნების მაგალითებზე მითითებების შესახებ:

„საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ასოციაციებისადმი მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების ან მიღების ახსნა-განმარტებები ან დასაბუთებები ხშირად მიუთითებს სხვა ქვეყნების მაგალითებზე. მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ჩანაწერში აღნიშნულია როგორც ამერიკის უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის აქტი (FARA), ასევე 2018 წელს მიღებული ავსტრალიის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის აქტი. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლები ანალოგიურად იმოწმებდნენ ამერიკულ FARA-ს, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაციების მუშაობის სპეციალური რეესტრისა და საჯაროობის შესახებ კანონპროექტის შთაგონების წყაროს.

მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნების მაგალითები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქვთ ძალიან განსხვავებული მიზანი და ფარგლები, შესაბამისად, არ არის რელევანტური შედარებითი მაგალითები საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები ასოციაციების მიმართ საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვის გასამართლებლად.

FARA თავდაპირველად ამოქმედდა 1938 წელს იმ მიზნით, რომ დაერეგისტრირებინა ფიზიკური პირები ან სუბიექტები, რომლებიც უცხოური მთავრობის მითითებითა და კონტროლით მოქმედებდნენ. და მისი ფარგლები გაფართოვდა 2016 წელს, რათა ფოკუსირდეს არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგობაზე. განხილული საკანონმდებლო ინიციატივების საპირისპიროდ, FARA-ს მიხედვით, არ არის საჭირო დარეგისტრირება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი იღებს სახსრებს უცხოური წყაროდან. იმისთვის, რომ თქვენ ჩაითვალოთ უცხოურ პრინციპალად, თქვენ უნდა იყოთ უცხოელი პრინციპალის აგენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებდეთ უცხოური პრინციპალის სპეციფიკური დავალებითა და კონტროლით. გარდა ამისა, FARA მიღებული არ ყოფილა სპეციფიკურად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ან მედიის წარმომადგენლების დასარეგულირებლად, არამედ ნებისმიერი სუბიექტის — არაკომერციული ან კომერციული ან ფიზიკური პირის, რომელიც მოქმედებდა როგორც აგენტი უცხოელი პრინციპალის სახელით.

ამის საპირისპიროდ, განსახილველი საკანონმდებლო ინიციატივები სამიზნეა მხოლოდ ასოციაციები ან არაკომერციული ორგანიზაციები, და არა სხვა იურიდიულ პირები, ხოლო განმსაზღვრელი კრიტერიუმია მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, უცხო ქვეყნის მთავრობისგან მიმართულების მიცემისა და კონტროლის შესახებ ნებისმიერი მტკიცებულების განურჩევლად.

აღსანიშნავია, რომ FARA-ს ფარგლები მნიშვნელოვნად შემცირდა დროთა განმავლობაში ცვლილებებით; ის არ ვრცელდება საინფორმაციო ან პრესის ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან საკუთრებაში ან არ კონტროლდებიან უცხოური სუბიექტის მიერ და მოითხოვს უცხოურ სუბიექტსა და აგენტს შორის კონტროლის ძალიან მაღალ ხარისხს. მთლიანობაში, ის ძირითადად ფოკუსირებულია ლობისტებისა და სარეკლამო აგენტების საქმიანობაზე, რომლებიც მოქმედებენ უცხოური მთავრობების სახელით.

რაც შეეხება 2018 წლის ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის აქტს, ის ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას უცხოური ორგანიზაციების სახელით, გაამჟღავნონ ასეთი აქტივობებისა და ურთიერთობების დეტალები, განსაკუთრებით არჩევნების დროს და თუ ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს უცხო მთავრობის მაგივრად და ამ ინფორმაციის ზოგიერთი ნაწილი გაასაჯაროოს. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შედიოდა აქტის თავდაპირველი პროექტის ფარგლებში, მოგვიანებით ისინი ცალსახად გამოირიცხა პროექტში, მიღებამდე ბოლო წუთში შეტანილი ცვლილების გამო. ზოგადად, ისევე როგორც FARA-ს შემთხვევაში, ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ასევე უმთავრესად ყურადღებას ამახვილებს ლობირების რეგულირებაზე“.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

სრულად წაკითხვა