რატომ არის ფსიქიკური ჯანდაცვა დემოკრატიის საზომი – ინტერვიუ

3 days ago 1

ავტორი: ელენე ქორიძე

ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემები ვაკუუმში არ არსებობს. ისინი ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის პირდაპირი ანარეკლია. საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს ქმნის, რომ ჯანდაცვასა და სამართალდამცავ სფეროებს შორის ზღვარი წაიშალოს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესული ახალი ცვლილებების ფონზე, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშ დგება: ერთი მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა წვდომა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის სენსიტიურ ინფორმაციაზე, მეორე მხრივ კი, ჩნდება რისკი, რომ პირს ქმედუნარიანობა ჩამოერთვას და განუსაზღვრელი ვადით ინსტიტუციონალიზაციას დაექვემდებაროს. 

ვხდებით თუ არა წარსულის სადამსჯელო ფსიქიატრიულ მოდელებთან დაბრუნების მოწმენი?

ამ ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების უკეთ გასაანალიზებლად ვესაუბრე პროფესორ ბენედეტო სარაჩენოს – გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის წამყვან ფიგურას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერებების ავადმოხმარების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს და ლისაბონის გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის გენერალურ მდივანს.

ამ გულწრფელ დიალოგში პროფესორი სარაჩენო გვაფრთხილებს, რომ დემოკრატიის ეროზია გარდაუვლად იწვევს ფსიქიატრიის “სისტემურ გაუკუღმართებას”. მისი გზავნილი საქართველოს მიმართ ერთმნიშვნელოვანია: სამედიცინო დიაგნოზი არასდროს უნდა იქცეს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტად, რადგან ნებისმიერ დიაგნოზზე მაღლა, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქე დგას. 


ელენე ქორიძე: დიდი მადლობა ამ საუბარზე დათანხმებისთვის. თქვენი უზარმაზარი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და გრძელვადიანი მუშაობა გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის გაუმჯობესების მიმართულებით, გადამწყვეტი იყო ღირსებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული, უფლებებზე ორიენტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების განვითარებაში. თუმცა, ამ პროგრესის მიუხედავად, არაერთხელ გაუსვით ხაზი თქვენს ინტერვიუებში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებები კვლავ გლობალური კრიზისის მდგომარეობაში რჩება. 

როგორ დაახასიათებდით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ამჟამინდელ გლობალურ ტენდენციებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების პრიზმიდან? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: დღეს ჩვენ უნიკალური, საინტერესო და წინააღმდეგობრივი რეალობის წინაშე ვდგავართ. 20-30 წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, დღეს ბევრად მეტი ოფიციალური განცხადება, დეკლარაცია თუ კონვენცია გვაქვს, რომლებიც ხელს უწყობს და იცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებს. 50 წლის წინ არავინ საუბრობდა ადამიანის უფლებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს კი ეს ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის ყოველდღიური დისკურსია. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა QualityRights-ის პაკეტი, ცხადყოფს რამდენად დიდი პრიორიტეტი ენიჭება ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს. 

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UN CRPD), რომელიც 2006 წელს მიიღეს, ოცდაათი წლის წინ წარმოუდგენელი რამ იყო. ის საკმაოდ რადიკალურია უფლებების, ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და იმ უფლებების მტკიცებაში, რომ ადამიანი არ დაექვემდებაროს წამებას, ძალადობას ან ტრადიციული ფსიქიატრიული დაწესებულებების სავალალო პირობებს. დოკუმენტების ამ კრიტიკული მასის არსებობა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად არ არის დანერგილი. 

ამას კი მივყავართ მთავარ წინააღმდეგობამდე: გლობალურად, ადამიანის უფლებების დარღვევის რეალობა დიდად არ გაუმჯობესებულა ოცდაათი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, მაგრამ დისკურსი საგრძნობლად შეცვლილია პოზიტიური კუთხით. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ოფიციალური დოკუმენტების უგულებელყოფა. კრიტიკოსებმა შეიძლება ისინი ცარიელ სიტყვებად ჩათვალონ იმპლემენტაციის ნაკლებობის გამო, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია, რადგან მიგვითითებენ მიმართულებასა და პრინციპზე. არსებობს საერთაშორისო სასამართლო და პაციენტებს, მათ ოჯახებს ან პირადი გამოცდილების მქონე პირთა ორგანიზაციებს აქვთ უფლება, უჩივლონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ან ხელისუფლებას ამ პრინციპების დარღვევისთვის. თუნდაც კანონი ცუდად სრულდებოდეს, მხოლოდ მისი არსებობაც კი გადამწყვეტია. 

წინააღმდეგობრივი რეალობა ისაა, რომ მრავალი ქვეყნის არაერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირობები კვლავ კატასტროფულია. ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება; ადამიანები განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ძალადობას. სამწუხაროდ, ეს არის ფსიქიატრიული საავადმყოფოების განუყოფელი თვისება მთელ მსოფლიოში. პარადოქსულია, მაგრამ ეს უბედურება საყოველთაოა. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ საშინელი ფსიქიატრიული დაწესებულებები ძალიან მდიდარ ქვეყნებში და ნორმალური დაწესებულებები – ღარიბ ქვეყნებში. ზრუნვის ხარისხი მკაცრად არ არის დაკავშირებული ქვეყნის სიმდიდრესთან, არამედ უფრო მეტად იმ კონკრეტულ ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან. 

ელენე ქორიძე: ამ გლობალური კონტექსტის ფონზე, მინდა ვისაუბროთ საქართველოზე – ქვეყანაზე, რომელსაც ესტუმრეთ და სადაც ითანამშრომლეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, მათ შორის პროფესორ ნინო მახაშვილთან, პროფესორ ჯანა ჯავახიშვილთან, პროფესორ ეკა ჭყონიასთან. საქართველო ადრე მიიჩნეოდა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის იმედისმომცემი მაგალითი რეგიონში. თუმცა ამჟამინდელი კონტექსტი ხასიათდება დემოკრატიის უკუსვლით, სახელმწიფო ხელისუფლების მზარდი ცენტრალიზაციითა და სამოქალაქო სივრცის შევიწროებით. როგორ მოქმედებს მსგავსი პოლიტიკური ტრანსფორმაციები ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებზე? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: მართალია, შეიძლება არ ვიცოდე საქართველოში არსებული მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის ყველა დეტალი, მაგრამ ქვეყანას ორჯერ ვესტუმრე. მქონდა პატივი, მემუშავა პროფესორ მახაშვილთან და თავდადებულ ადამიანთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობის, სამართლიანობისა და თემზე დაფუძნებული სერვისებისთვის. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არსებობდა უდიდესი იმედი იმისა, რომ ქვეყანა ტრადიციული ფსიქიატრიული დაწესებულებების ჰეგემონური მმართველობიდან – რაც საბჭოთა მემკვიდრეობაა, თუმცა ასეთი მოძველებული დაწესებულებები გლობალურად არსებობს – თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და ზოგადი პროფილის საავადმყოფოების ფსიქიატრიული განყოფილებების შექმნისკენ წასულიყო. 

დღეს კი ჩვენ ვხედავთ ევროპულ, უფრო ფართო ტენდენციას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის – უფრო მჩაგვრელი და რეპრესიული პოლიტიკური კონტექსტებისკენ, რაც ნაკლები თავისუფლებით, დასუსტებული დემოკრატიული ინსტიტუტებითა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობით ხასიათდება. ძალაუფლების ცენტრალიზაცია იზრდება. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთვის ამის შედეგები უმძიმესია. ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან. შესაბამისად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ხშირად დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია. ის ხდება ცენტრალიზებული, აწარმოებს დიდ ინსტიტუციებსა და იერარქიულ ძალაუფლებრივ სტრუქტურებს, სადაც ფსიქიატრი მოქმედებს როგორც აბსოლუტური ავტორიტეტი, ხოლო პაციენტებს ექცევიან, როგორც მსხვერპლს. ჩვენ ეს მოდელი გვინახავს დიქტატორულ რეჟიმებში, თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევები ყველგან ხდება – არადიქტატორულ ქვეყნებშიც კი. 

ჩვენი საერთო გლობალური პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ “ღრმა დემოკრატიას” – როგორც ამას ანთროპოლოგი არჯუნ აპადურაი უწოდებს – რაც ნიშნავს ქვევიდან წამოსულ დემოკრატიას, რომელიც აძლიერებს ოჯახის წევრებისა და სერვისის მიმღებთა ხმებს. იმ ადამიანების ხმებს, რომლებიც ხშირად მის გარეშე რჩებიან. 

ელენე ქორიძე: საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობაში ბოლოდროინდელი ცვლილებებით, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინერგება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ცენტრალიზებული სახელმწიფო რეესტრის შექმნა. ამ რეესტრს მართავს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა მასზე წვდომა ეძლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ რეესტრში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა, მათ შორის მართვის მოწმობის აღებაზე წვდომა, რასაც დროთა განმავლობაში, კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა უფრო ფართო შედეგებიც მოჰყვეს. ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან, რა რისკები ჩნდება, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კლინიკური ინფორმაცია ინტეგრირდება სახელმწიფო ადმინისტრაციულ და უსაფრთხოების სისტემებში? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო და ელენე ქორიძე, ლისაბონი, პორტუგალია, 2026 წელი

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: პასუხი მარტივია: ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფსიქიკურ შეზღუდულ შესაძლებლობებსა და ფსიქიკურ აშლილობებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

მე უკიდურესად შეშფოთებული ვიქნებოდი, თუ ჩემს ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის საკითხებში ჩაერეოდა მონაცემების შესაგროვებლად. უსაფრთხოების სამინისტროები აგროვებენ ინფორმაციას კრიმინალების შესახებ, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის ნივთიერებებზე დამოკიდებული მქონე პირები, კრიმინალები არ არიან. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული პრობლემებისგან იტანჯებიან. 

ისეთი სისტემის შექმნა, სადაც კლინიკური მონაცემები სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებს ეგზავნება, სისტემური გაუკუღმართებაა. ჯანმრთელობის ჩანაწერები მკაცრად კონფიდენციალურია. მე ოცდაათი წელი ვცხოვრობდი შვეიცარიაში. იქ მეუღლესაც კი არ აქვს წვდომა პარტნიორის სამედიცინო ჩანაწერებზე მისი თანხმობის გარეშე. მას აკონტროლებს მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა და ხელმისაწვდომია მხოლოდ პაციენტისთვის. პოლიციისთვის ამ მონაცემებზე წვდომის მინიჭება უსაფრთხოების სისტემებს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნონ პირად მდგომარეობას, რაც ადვილად შეიძლება იქცეს ადამიანის უფლებების შელახვის იარაღად. სრულად გეთანხმებით: კონფიდენციალური კლინიკური ინფორმაციის ინტეგრირება ადმინისტრაციულ და უსაფრთხოების სისტემებში ფუნდამენტურად არასწორია. 

ელენე ქორიძე: ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობის კიდევ ერთი ცვლილება იძლევა იმის საშუალებას, რომ დანაშაულში ბრალდებული პირები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდათ, მიჩნეულ იქნენ “პროცესუუნაროდ” და შეფასების მიზნით მოთავსდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, იურიდიულ წარმომადგებლობაზე მყისიერი წვდომის გარეშე. სასამართლო პროცესზე მათი წარდგენა მხოლოდ ფსიქიატრიული შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რაც შეიცავს ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით ინსტიტუციონალიზაციის რისკს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UN CRPD), როგორ შეესაბამება ასეთი დებულებები ქმედუნარიანობის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ტექნიკური, იურიდიული გამიჯვნა, როდესაც სახელმწიფო რატიფიცირებას უკეთებს საერთაშორისო კონვენციას, ის მას შიდა ეროვნულ კანონმდებლობად აღიარებს. ნებისმიერი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება რატიფიცირებულ კონვენციას, უნდა შეიცვალოს. ეს არ არის ნებაყოფლობითი; მთავრობას არ შეუძლია თავად აირჩიოს, თუ რომელი ნაწილი აამოქმედოს. თუ საქართველომ მოახდინა გაეროს CRPD-ის რატიფიცირება, მას აქვს იურიდიული ვალდებულება, შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ეროვნული კანონები. თუ ეს ახალი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონვენციას, ისინი არა მხოლოდ არასწორია, არამედ მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებში პოტენციური დავების წინაშე აყენებს. 

დანაშაულისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გადაკვეთასთან დაკავშირებით არსებობს ორი სრულიად განსხვავებული განზომილება. დანაშაულის ჩადენა ვინმეს ავტომატურად არ აქცევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ქონა არ განაპირობებს ვინმეს მიდრეკილებას კრიმინალისკენ. 

რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს “შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ქართველები”, არსებობენ ქართველები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ შიზოფრენიის დიაგნოზი. მოქალაქეობა უპირველეს ყოვლისა. დიაგნოზი არ აკნინებს თქვენს, როგორც მოქალაქის, სტატუსს ან თქვენს თანასწორობას კანონის წინაშე. თუ ეს შესწორებები ისე მოქმედებს, როგორც თქვენ აღწერეთ და ფსიქიატრიული შეფასების საფუძველზე ადამიანებს ართმევს ქმედუნარიანობას და მართლმსაჯულებაზე წვდომას, ეს საშინელი რეგრესია. 

ელენე ქორიძე: საბოლოო ჯამში, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ფსიქიკური ჯანმრთელობის როგორი სისტემა იკვეთება? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემები ადგილობრივ კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას უნდა მოერგოს – არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყანას ზუსტად ისეთივე ინფრასტრუქტურა ექნება, როგორიც მაღალშემოსავლიანს, მაგრამ გარკვეული ფუნდამენტური პრინციპები უნივერსალური რჩება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) არ აწესებს ხისტ, აბსტრაქტულ მოდელს, მაგრამ ის ნათლად აყალიბებს ძირითად პრინციპებს. პირველი: დიდი ფსიქიატრიული ინსტიტუციები გასული საუკუნის გადმონაშთია; მათ არ აქვთ ადგილი თანამედროვე სისტემაში. მეორე: ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადი ჯანდაცვის ნაწილია; ის უნდა იყოს ინტეგრირებული ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში და არა იზოლირებულ, სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მესამე: საზოგადოება (თემი) არის ის ბუნებრივი ადგილი, სადაც გამოჯანმრთელება ხდება, რაც ძლიერ, პირველადი რგოლის სამედიცინო ჩარევებს მოითხოვს. 

ეს უნივერსალური პრინციპები საქართველოშიც ისევე უნდა დაინერგოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუმცა, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ გლობალური დემოკრატიისთვის ბნელ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვხედავთ ლიდერებს, რომლებიც წმინდა ძალაუფლების ლოგიკით მოქმედებენ, უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უმცირესობებს, ემიგრანტებსა და სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს სულ უფრო მეტად ეპყრობიან როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს. ნებისმიერ კონტექსტში, სადაც დემოკრატია სუსტდება, ჩვენ ავტომატურად ვხედავთ მჩაგვრელი, ცენტრალიზებული და რეპრესიული ფსიქიატრიის პროგრესულ გაძლიერებას. 

ელენე ქორიძე: მსავსი ტრაექტორიის მქონე ქვეყნებისთვის ერთი გზავნილის გაგზავნა რომ შეგეძლოთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში რომელია ის პრინციპი, რომელიც უკომპრომისო უნდა დარჩეს პოლიტიკური ზეწოლის პირობებშიც კი? 

პროფესორი ბენედეტო სარაჩენო: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებისთვის, დარჩნენ სრულფასოვან მოქალაქეებად. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის მოქალაქეობით სრულად სარგებლობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა არის კატასტროფა როგორც პიროვნებისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის, რადგან ეს წარმოადგენს ძალადობის გამარჯვებას. და როცა ვამბობ “ბრძოლას”, ვგულისხმობ ბრძოლას კოლექტიურად, ხმამაღლა და ქუჩებში. 

სრულად წაკითხვა