სოხუმსა და ცხინვალში ერთ-ერთი იშვიათი კრიტიკული მედია „ეხო კავკაზა“ დახურეს

20 hours ago 5

რადიო „ეხო კავკაზამ“, Radio Free Europe/Radio Liberty-ის რუსულენოვანი განყოფილება, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოსა და დე ფაქტო რესპუბლიკებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აუდიტორიაზე, მუშაობა 2026 წლის 1 მაისს შეწყვიტა.

RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა, გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის მიზეზით ახსნა:

„ეს ზომები მიიღება იმისთვის, რომ RFE/RL-მა შეინარჩუნოს პოზიცია, როგორც გავლენიანმა, აქტუალურმა და ფინანსურად პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ… რესტრუქტურიზაციის პროცესში ჩვენ ვემშვიდობებით რამდენიმე ნამდვილად ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში მიუძღვნეს თავი RFE/RL-ის მისიას“.

როგორც ამერიკული მედია კორპორაციის პრესსამსახურმა განაცხადა, „ქართული სამსახური გააგრძელებს მაუწყებლობას ქართულ ენაზე; ახალი რუსულენოვანი პროგრამების განყოფილება გააშუქებს მნიშვნელოვან მოვლენებს ამ ოკუპირებულ რეგიონებში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) რუსულენოვანი აუდიტორიისთვის“.

რადიო „ეხო კავკაზა“ 2009 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. თექვსმეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აშუქებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას. თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში მომუშავე კორესპონდენტების, ასევე პრაღასა და თბილისში არსებული გუნდის დახმარებით მზადდებოდა ოპერატიული სიახლეები, ანალიტიკური მასალები, ინტერვიუები და დისკუსიები, და პროექტი აქტიურად იყო წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში.

ყურადღების ცენტრში მუდმივად იყო პოლიტიკური პროცესები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონზე გარე გავლენები.

2022 წლიდან „ეხო კავკაზას“ ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო. მას შემდეგ, რაც RFE/RL რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წყაროებთან მუშაობა მხოლოდ ანონიმურ ფორმატში გახდა შესაძლებელი. კორესპონდენტებისა და რესპონდენტების „ცოცხალი ხმების“ დაკარგვის გამო, რედაქცია იძულებული გახდა შეეწყვიტა რადიომაუწყებლობა, რომელიც მანამდე თითქმის 15 წლის განმავლობაში არც ერთი დღით არ შეჩერებულა.

ვებგვერდი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა ხელმისაწვდომი დარჩება არქივის რეჟიმში.

სრულად წაკითხვა