ამ შემთხვევაში მიზეზი სახელია - რეესტრში ფიქრობენ, რომ გაერთიანების მოთხოვნილი სახელით („საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“) რეგისტრაციის შემთხვევაში „შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი“.
„უკვე მეშვიდედ ჩვენ გვითხრეს უარი. საბაბები, რომლებოც საჯარო რეესტრმა და იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადეს სამართლებრივად ყოვლად მიუღებელია. ამიტომ გავგზავნეთ განცხადება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში და მოვითხოვთ შესაბამის რეაგირებას“, - თქვა პროფკავშირების ერთ-ერთმა დაფუძნებელმა კახი სამხარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ გამართულ ბრიფინგზე.
ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს, ვისაც პროფკავშირების დაფუძნება სურთ, სამართლებრივ დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უწევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ რეესტრმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფკავშირებმა რეესტრიდან ბოლო უარი 24 თებერვალს მიიღეს. მასში წერია, რომ უკვე არსებობს სამი ორგანიზაცია, რომელსაც მსგავსი სახელები აქვთ: ა(ა)იპ „საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი“, ა(ა)იპ „საქართველოს სახელმწიფო საჯარო სამსახურის, მუნიციპალური დაწესებულებების და საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირი“ და ა(ა)იპ „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.
„სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირები ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის გამო“, - წერია რეესტრის დასაბუთებაში, რის საფუძველზეც რეგისტრაციაა შეჩერებული.
ამავე გადაწყვეტილების მიხედვით პროფკავშირებს რეგისტრაციის გასაგრძელებლად ანუ სახელის შესაცვლელად 30-დღიანი ვადა აქვს.
2024 წლის 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისა და საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებების პარალელურად, საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები.
სახალხო დამცველის შეფასებით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს „აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს“.
2024 წლის 28 ნოემბრიდან, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, არაერთმა საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.
ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა თუ სხვა არაერთი უწყების თანამშრომლების ნაწილმა.