WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საჯარო რეესტრმა ოპოზიციური პარტიის, „ჯერ საქართველოს“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი განუხილველად დატოვა. მიზეზად დასახელებულია აღმოჩენილი ხარვეზების მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა.

პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა საჯარო რეესტრს 2 ივლისს მიმართა. 31 ივლისს კი პასუხად მიიღეს, რომ წარდგენილ დოკუმენტებში აღმოჩენილი იყო ხარვეზები:

  • წარდგენილი ელექტრონული სია (332) განსხვავებულია მატერიალურად მიწოდებული სიისგან (364 პირი) - „ელექტრონული ფორმით შედგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანმიმდევრობით და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ქაღალდის მატარებელზე“;
  • „წარდგენილი სია (როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულ ფორმატში) შედგენილია ხარვეზებით“: „74 პირის მონაცემი ხარვეზით, კერძოდ, არასწორად ან/და არასრულად არის მითითებული“;

„მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ჯერ საქართველო“ კორექტირებული/შესწორებული, სათანადო წესით შედგენილი და ხელმოწერილი სია, ზემოაღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულ ფორმატში“, - აცნობა ვიქტორ ყიფიანის პარტიას რეესტრმა.

გარდა ამისა, ხარვეზებად იყო ჩამოთვლილი შემდეგი გარემოებები:

  • „სიმბოლიკის (ბლანკი) ესკიზი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ არის“;
  • „ბუნდოვანია და დაზუსტებას საჭიროებს რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი წესდების მუხლში არსებული შემდეგი ჩანაწერი „ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილება არ მიიღება“;

„საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, დგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს“, - ეწერა 31 ივლისს მიღებულ დოკუმენტში.

რეესტრმა პარტიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10-დღიანი ვადა მისცა, რის საპასუხოდაც „ჯერ საქართველომ“ დოკუმენტები წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ „არ აღმოიფხვრა“ „გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები“, ამის გამო 17 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით განცხადება განუხილველად დატოვა.