რეპრესია თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ - საია ივანოვ-ჩიქოვანის „მოამბიდან“ ჩამოშორებაზე

4 hours ago 3

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის „მოამბიდან“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებიდან - ჩამოშორება არის რეპრესია თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ.

„ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“, - აცხადებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელს.

„ასევე, ის საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა“, - მიიჩნევს საია.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 4 თებერვალს დაწერა: „აღარ მიმყავს მოამბე“. მენეჯმენტმა მას ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთა იმით, რომ გადაცემის პროდიუსერებმა მასთან მუშაობის გაგრძელებაზე „განაცხადეს უარი“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ტელეარხის ის იშვიათი ჟურნალისტი იყო, რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა „ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში“.

„ის, რაც ახლა მაუწყებლში ხდება,ძირითადად და არსებითად, ერთი პიროვნების ბრალია“, - დაწერა ივანოვ-ჩიქოვანმა 5 თებერვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე, ვასილ მაღლაფერიძეზე.

3 თებერვალს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შელაპარაკება იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძესა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს შორის.

სრულად წაკითხვა