რესტორან „ქვევრში“ გასროლის ხმა ისმოდა

3 days ago 1

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით, 12:00 საათის შემდეგ იარაღიდან გასროლის ხმა ისმოდა. ტელეკომპანია „TV პირველი“ იუწყება, რომ დაპირისპირება იყო მფლობელებს შორის, მათ შორის ერთ-ერთი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლაშა ბასლანძე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.

მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ისაუბრა ლაშა ბასლანძემ. მან დაადასტურა, რომ კონფლიქტი პარტნიორებს შორის მოხდა:

„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა (...თუ დაცვის თანამშრომელმა), რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს - პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა... პროკურორი და გამომძიებელი მე არ ვარ... პოლიცია შეაფასებს, ალბათ, მაგათ მოქმედებებს“.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება ორწლამდე პატიმრობით, ჯარიმით ან შინაპატიმრობით.

სრულად წაკითხვა