სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალი მოდელის ფორმირების ეტაპზე გადადის და ურთიერთობების ძველ ფორმატში დაბრუნება აღარ მოხდება – ამის შესახებ APRI Armenia-ს [სომხეთის გამოყენებითი პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი] უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ბენიამინ პოგოსიანმა Factor TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბენიამინ პოგოსიანიმისი შეფასებით, მთავარი საკითხია, შეძლებენ თუ არა ერევანი და მოსკოვი ურთიერთობების ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას, თუ სომხეთი პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთ ქვეყნად იქცევა, რომელსაც რუსეთი არამეგობრულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
„საჭიროა ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის კიდევ რამდენიმე შეხვედრა, რათა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ფორმატი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. სომხეთისთვის მთავარი საკითხია, მიიღებს თუ არა რუსეთი ურთიერთობების ახალ მოდელს დადებითად, თუ მასზე ნეგატიურად მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა პოგოსიანმა.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს მოსკოვი მზად არის მშვიდად მიიღოს სომეხი ხალხის ნებისმიერი არჩევანი, ზედმეტად სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.
მისი თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ რუსეთი სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე გაიყვანს სომხეთიდან საკუთარ სამხედრო ბაზას და ამის შემდეგ ერევანი სანქციების ან ზეწოლის სხვა ფორმების წინაშე არ აღმოჩნდება.
პოგოსიანის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ასევე იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება და რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგი გრძელდება.
რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე საუბრისას პოგოსიანმა განაცხადა, რომ თუ ეს პროცესი მხოლოდ TRIPP-ის მარშრუტის გამოყენებას გულისხმობს, ასეთ ვარიანტს სომხეთისთვის პრაქტიკული სარგებელი არ ექნება.
„ეჭვი არ არსებობს, რომ TRIPP-ის მშენებლობა დაიწყება. საკითხავია, როგორ უპასუხებენ ამას რუსეთი და ირანი, შემოიფარგლებიან თუ არა ისინი პროექტის წინააღმდეგ განცხადებებით, თუ გადადგამენ აქტიურ ნაბიჯებს მისი განხორციელებისთვის ხელის შესაშლელად“.
პოგოსიანმა ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარ გზავნილად მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება დაასახელა.
ამასთან, მისი შეფასებით, მხარეების საბოლოო განცხადებაში ბევრი რამ უკვე მომხდარსა და მიღწეულ შედეგებს ეხება, თუმცა თითქმის არაფერია ნათქვამი შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე.
ბენიამინ პოგოსიანმა აღნიშნული საკითხების შესახებ Factor TV-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთში რუსული ბაზის საჭიროებას ვეღარ ხედავს
netgazeti