12
დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას, როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის რუსეთში იმპორტის დროებით აკრძალვას.
მისივე თქმით, „რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო გამოგვიცხადა“.
„რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო გამოგვიცხადა. უკვე რუსეთში არ შეიძლება ღვინის, ჩვენი მთავარი ღვინის მწარმოებელი კომპანიების, შეტანა. ასევე, არ შეიძლება „ნაბეღლავისა“ და რამდენადაც საოცარიც არ უნდა იყოს, სანიტარიული მოსაზრებით „კოკა-კოლას“ შეტანა, წარმოგიდგენიათ, ბაქტერიები და მწერები ყოფილა „კოკა-კოლაში“!
პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ახლა მოხდა. დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას, როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს. გამეორდა ის, რაც იყო მრავალი წლის წინ, როდესაც სწორედ ასეთი სანიტარიული მოსაზრებით ვინმე ონიშჩენკომ აკრძალა „ბორჯომის“ შეტანა, ჯერ „ბორჯომი“ არ აქვთ აკრძალული, იმიტომ რომ რუსებს ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება აქამდეც მივიდნენ, შემდეგ ღვინის, ხილის, ციტრუსების, მწვანილისა და ფაქტობრივად, ყველაფრის.
ეს მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იყო ისევე, როგორც მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი სამხედრო იარაღისნაირი სახეობაა, ოღონდ ტანკი არ არის – რუსული გაზი და რუსული ელექტროენერგია.
აი, პირველივე უკმაყოფილების მომენტში, როგორ გამოავლინა ამ ბოროტმა სახელმწიფომ, ამ სისხლიანმა აგრესორმა საკუთარი ბუნება! ეტყობა, საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ვერ შეუსრულა, ვერ შეუსრულა იმის გამო, რომ ალბათ, ორ ცეცხლს შუა იწვის, ვინაიდან რუსეთს საქართველო, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში. ევროკავშირმა დაასანქცირა საქართველოში მომუშავე კომპანიები, კრიპტოკომპანიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებოდნენ. ევროკავშირმა ოთხი კომპანია დაასანქცირა და ახლა გამადიდებელი შუშით გვიყურებენ. ერთი ამერიკამ ირანთან ურთიერთობის გამო დაასანქცირა. დასანქცირდა ყულევის პორტიც და ექვსთვიანი ვადა აქვს მიცემული, რომელსაც, დაახლოებით, სადღაც 70 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი ჰქონდა შემოტანილი.
ანუ ვერ ასრულებს ისეთ მოთხოვნას [„ქართული ოცნება“], რომელიც რუსეთს სურს გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ხვალ მთელი საბანკო სისტემა გაჩერდეს და მთელი ქვეყანა გაჩერდეს. ანუ ისეთი რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რომლის ამოხსნაც არც ისე ძნელია. რუსეთი ყოველთვის მოგვთხოვს მაქსიმალურს და შეიძლება შეუძლებელიც კი მოგვთხოვოს. თანაც, ვის? პრორუსულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს მოხსენიებული ჰყავს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოთა რიგებში.
რუსეთთან დათმობების პოლიტიკა ყოველთვის მთავრდება უფრო მეტი დათმობის მოთხოვნით და შეუძლებელი დათმობის მოთხოვნითაც კი, ვინაიდან შესაძლებელია, მოგვთხოვონ მაგალითად, აფხაზეთის აღიარება ან კიდევ სხვა რამ, რაც აფეთქებას გამოიწვევს და ამ პრორუსულ ხელისუფლებას წაიყვანს. მთლად ისიც არ უნდათ, რომ აქ საკუთარი, დასმული ხელისუფლება შემდეგ მტრულად განწყობილმა ხელისუფლებამ შეცვალოს. ეს მივიღეთ ამ ხელისუფლების მოღალატეობრივი, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.
აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.
საერთაშიროსო alia.ge