WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,მთავარი კითხვა ის კი არ არის, რატომ შეუზღუდა რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს საკუთარ ბაზარზე წვდომა, არამედ ის, რა პოლიტიკური შედეგის მიღწევას ცდილობს ამ გადაწყვეტილებით.
თუ მოსკოვის მიზანი საქართველოსთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმების თავს მოხვევაა, საქმე გაცილებით სერიოზულ პროცესთან გვაქვს. რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს არა უბრალოდ შეთანხმების მიღწევას, არამედ არსებული სტატუს-კვოს შეცვლას, ოკუპაციაზე საკუთარი პასუხისმგებლობის გადაფარვასა და კონფლიქტის ახალი პოლიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელშიც თავად კონფლიქტის მხარიდან შუამავლის ან გარანტორის როლში გადაინაცვლებს, ხოლო ოკუპირებული რეგიონები მოლაპარაკების დამოუკიდებელ მხარეებად წარმოჩნდებიან.
სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე – ფორმალურად მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მიმართულმა შეთანხმებამ რეალურად ოკუპაციის საკითხი მეორე პლანზე არ გადაიტანოს და რუსეთისთვის სასურველი ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებას არ შეუწყოს ხელი.
ამიტომ საკითხი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, მოაწერს თუ არა საქართველო ხელს თავდაუსხმელობის შეთანხმებას. გადამწყვეტია, ვისთან მოაწერს ხელს და რა სტატუსით. თუ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს კონფლიქტის დამოუკიდებელ მხარეებად აღიარებს მოლაპარაკების ფორმატში, მოსკოვს შესაძლებლობა მიეცემა, ოკუპაციის პრობლემა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დავად წარმოაჩინოს. საბოლოოდ, რუსეთს შესაძლოა სურდეს არა ოკუპაციის დასრულება, არამედ მისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, შეთანხმება, რომელიც მშვიდობის სახელით გაფორმდება, შეიძლება იქცეს არა კონფლიქტის მოგვარების, არამედ მისი ახალი ფორმით დაკანონების მცდელობად.“