რომის პაპ ფრანცისკეს 26 აპრილს დაკრძალავენ

3 hours ago 1

ვატიკანში დაიწყო რომის პაპ ფრანცისკესთან გამოთხოვების ცერემონია. სანტა მარტას სამრეკლოში დასვენებულ პაპს დღეს, 22 აპრილს ეთხოვებიან სასულიერო პირები და ვატიკანის წარმომადგენელი საერო პირები.

ხვალ, 23 აპრილს პაპის ცხედარს წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე დაიწყება. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერი მათ შორის არგენტინის, აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტები.

პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო.

ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ტაძრის აივნიდან აღდგომა მიულოცა. პაპი აივანზე ეტლით გაიყვანეს. ტრადიციული სააღდგომო მიმართვა მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ წაიკითხა.

არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან გადადგა პაპი ბენედიქტე XVI.

სრულად წაკითხვა