რომის პაპი ფრანცისკე რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

7 hours ago 4

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს, - ვატიკანში დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ლიდერი და, იტალიის ხელისუფლების თანახმად, 400 000-მდე ადამიანი დაესწრო, დასრულდა.

ცერემონიალის რამდენიმესაათიანი საჯარო ნაწილის შემდეგ, პაპ ფრანცისეს ცხედარი ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს - დაკრძალვის ცერემონიალს რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში უმაღლესი რანგის კარდინალები და პაპთან დაახლოებული პირები დაესწრნენ.

ოფიციალური ვატიკანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კარდინალი კევინ ფარელი, - რომელიც ამჟამად, ახალი პაპის არჩევამდე მართავს ვატიკანს, - დალოცავს კუბოს, სანამ ფრანცისკეს ცხედარს განსასვენებელს მიაბარებენ.

რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვა

რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვა

წმინდა პეტრეს მოედანი პაპის დაკრძალვის ცერემონიალისას

წმინდა პეტრეს მოედანი პაპის დაკრძალვის ცერემონიალისას

ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდნენ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და სხვები.

საქართველოდან იქ იმყოფებოდა მიხეილ ყაველაშვილი.

პაპის დაკრძალვის ცერემონიალს პოლიტიკური განზომილებაც ჰქონდა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში კამათის შემდეგ.

ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყებოდა, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ. თუმცა მოგვიანებით ზელენსკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მეორე შეხვედრა არ შედგება ორივე ლიდერის დღის წესრიგის გადატვირთულობის გამო.

2025 წლის 18 თებერვალს პაპ ფრანცისკეს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ის 21 აპრილს გარდაიცვალა - 88 წლის ასაკში.

საერთაშორისო მედია უკვე ასახელებს პაპობის სავარაუდო კანდიდატებს.

გარდაცვლილი ფრანცისკეს პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევა ოცამდე კარდინალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკლავში.

ახალი პაპი უნდა აირჩიოს კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის იერარქების ერთობამ, კარდინალთა კოლეგიამ, რომლის წევრებსაც ნიშნავს თავად პაპი და რომლებიც, როგორც წესი, ხელდასხმული ეპისკოპოსები არიან. ამასთან, ყველა კარდინალი მამაკაცია.

ახალი პაპისათვის ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ „პაპაბილებს“ ანუ მათ, ვისაც ჯერ არ შესრულებია 80 წელი. ამჟამად კოლეგიაში შედის 252 კათოლიკე კარდინალი, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება აქვს 195-ს. დანარჩენებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დებატებში, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პონტიფექსის ადგილი.

სრულად წაკითხვა