ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, ბიძინა ივანიშვილი უკვე არნახულ რეპრესიებზე გადავიდა. 52 კაცი სისხლის სამართლის მუხლებით დაიჭირა, 350–ზე მეტი ადამიანი ნაცემია და ბევრი სიკვდილს გადაურჩა, უკვე ჟურნალისტებსაც იჭერენ და ყოფილი პრემიერი, პარტიის თავმჯდომარე და მოქმედი პოლიტიკოსი, გიორგი გახარია სცემეს კიდეც. არ არის გამორიცხული, ხვალ–ზეგ ვინმე შეიძლება მოკლან... ეს განუკითხაობა ბოლოს ხომ არ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე?
– ვიდრე კითხვას ვუპასუხებ, მანამდე გავიხსენებ, როგორ გადმოიბარა ეტაპობრივად სააკაშვილის სისტემა ივანიშვილმა. ლევან მურუსიძის დანიშვნა უნდოდათ იუსტიციიის საბჭოს მდივნად და იუსტიციის საბჭოსთან აქციებს ვმართავდი. არავინ მოდიოდა და მეჩხუბებოდნენ, ბატონ ბიძინის რას აბრალებ, მურუსიძეს არ დანიშნავს მაგ პოსტზეო. აირჩიეს მურუსიძე და „ფეისბუკზე“ დავწერე, მონებად არ იბადებიან, მონებად ყალიბდებიან–მეთქი. ხმა ვერავინ გამცა. ეს ხდება 2013 წლის ივნისში. ამ დროიდან, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყო ივანიშვილმა სააკაშვილის სისტემის გადმობარება. ახალი პერსონებით კი არ შექმნა ძალმომრეობითი სისტემა, რისი გაკეთებაც შეეძლო, ძველი, საზოგადოებისა და მედიის მიერ დანაშაულში მხილებული კადრებით გააკეთა ეს .მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და მოსამართლეთა გადაბირებას მოჰყვა პროკურორებისა და გამომძიებლების გადაბირება, მერე პოლიციის და სხვა სტრუქტურების თანამშრომლებისა, მათ შორის მაღალჩინოსნებისაც. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ბევრი დატოვა და სააკაშვილის პარლამენტის ოდიოზური ფიგურებიც თავისთან გადაიყვანა. მკვლელობაში, ადამიანების წამებაში, მასშტაბურ კორუფციაში, უდანაშაულო ხალხის ციხეში გაშვებაში მხილებული ხალხი მოისვა გვერდით, ბევრი დააწინაურა. არადა, მათი დიდი ნაწილი დასაჭერი იყო. სააკაშვილზე უარესი რეჟიმის შექმნას აპირებდა მაშინვე, თორემ რაში სჭირდებოდა ეს ხალხი? მე ესეც წინასწარ ვთქვი – ეს გარეწრები იმიტომ სჭირდება, რომ რეჟიმს დაამყარებს და ამ საქმეში გამოცდილი კადრები დაიყენა გვერდში-მეთქი.“ალიასთან“ ინტერვიუში ვთქვი, სხვათაშორის. ისევ ატყდა ამბავი –ბატონი ბიძინი მაგას არ იკადრებს, დამნაშავე „ნაცებს“ დასჯის და სამართლიანობას აღადგენსო და ყველა მე მლანძღავდა. რა აღადგინა, კი ვნახეთ. ამ დამნაშავე ადამიანებთან ერთად, ასევე, ყველა ის მახინჯი კანონი შეინარჩუნა, რომლებიც „ნაცებმა“ მიიღეს და რასაც წლები ვაპროტესტებდით . ახლა კიდევ უარესი კანონები მიიღო. რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს, ეს რეპრესიები მისი დასასრულის დასაწყისია. მიშამ 7 ნოემბრის და „იმედში“ შევარდნის მერე 4 წელი გასძლო, მეტი ვერა. თან იმას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ მთელ მსოფლიოში და ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებით მოსულ პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს არავინ აღიარებს, არც ერთი ნორმალური, დემოკრატიული ქვეყანა. მალე ჩამოიშლება ივანიშვილის რეჟიმი, ზუსტ დროს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს გარდაუვალია. სააკაშვილს, საერთაშორისო ავტორიტეტის გამო, პოლიტიკური სასამართლო არ მოუწყეს. ბიძინა ივანიშვილი კი ან მოსკოვში გაიქცევა და ვერც იქ იცხოვრებს მშვიდად, ან სადამ ჰუსეინივით მოუწევს თუ სხვა დიქტატორებივით დასასრული, რადგან მისი ძალიან ბევრი დანაშაული სახეზეა და ბევრი მერე ამოტივტივდება, როდესაც მისი რეჟიმი დასრულდება. ყველა უკანონობა მისგან მოდის, ყველა დანაშაულებრივ ბრძანებას ის გასცემს და ამის მტკიცებულებებს, მისი გუნდის წევრები დასდებენ თავის გადასარჩენად თუ სასჯელის შესამსუბუქებლად. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, აქამდე არ მივა საქმე. აქ ომს არც ამერიკა დაუშვებს და არც რუსეთი, არც ერთს არ აწყობს და სხვა დიდი ქვეყნების ინტერესებშიც არის, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. აქ მეორე მომენტიც არის. ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასაყრდენი პიროვნებების გამო, ვიღაც მიტინგზე გავა, ვიღაც ვიღაცას სცემს, მაგრამ ეს ხალხი იარაღს არ აიღებს ხელში და ამ რეჟიმის, ერთი მუჭა ელიტისთვის კომფორტის, მოპარული მილიონების შესანარჩუნებლად, თავს არ გასწირავს.
– დაინიშნება ახალი არჩევნები?
–ვფიქრობ, დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ რეალური ზეწოლა იქნება დასავლეთთისგან ივანიშვილზე. სანქციები, რაც დააწესეს და რის დაწესებასაც აპირებენ, შეიძლება საკმარისი არ გამოდგეს. ეს ზეწოლა იქნება გაფრთხილება, რომ საქართველოს გათიშავენ „სვიფტიდან“. მერე იძულებული იქნება, დანიშნოს არჩევნები. არ დანიშნავს და მთელი საბანკო სისტემის „სვიფტიდან“ გათიშვა, ხალხს დატოვებს მშიერს და მშიერი ხალხი რას უზამს ივანიშვილს, მე ნუ მათქმევინებ, შენც კარგად იცი. ეს ახალგაზრდები, გარეთ რომ დგანან ამდენი ხანია, არ გაჩერდებიან, ვიდრე არჩევნებს არ მიიღებენ. ესენი არიან სუფთა, წესიერი ახალგაზრდები, ჩემი შვილიც იქ დგას. თუმცა, საქართველოში ზვიად გამსახურდიას და მისი „მრგვალი მაგიდის“ მერე, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებით არავინ აურჩევიათ. რა იქნება არჩევნების მერე, გეტყვი. ეს დღევანდელი ოპოზიციური ტელევიზიები, ეკრანს არ გააკარებენ იმ 4 პარტიის ლიდერების გარდა არავის, რომელთაც ბარიერი გადალახეს და არ შევიდნენ პარლამენტში. ეს ერთხელ უკვე მოხდა ამ არჩევნებზე. ინგა გრიგოლია და დანი და ძმანი მისნი, ამბობდნენ, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს მიეცით ხმაო, სულ ერთი და იგივე ხალხი ესხდნენ ამ ოპოზიციურ ტელევიზიებში. ეგრე იყო 2020 წელსაც და ამით ბიძინას საქმე გააკეთეს, ბარიერი გადალახეს და შევიდნენ პარლამენტში, როდესაც იფიცებოდნენ, არ შევალთო. არადა, რომ არ შესულიყვნენ, დარჩებოდა „ქართული ოცნება“ მარტო, არ აღიარებდა ამ არჩევნებს არავინ და ეს ჭირი, რასაც ახლა გავდივართ, შესაძლოა, უკვე გავლილი გვქონოდა – „ქართული ოცნება“ მოგვეშორებინა. შალვა ნათელაშვილი არ შევიდა მაშინ და მის პარტიას სახელმწიფო დაფინანსება და ყველაფერი წაართვეს. მოკლედ, უარეს შემთხვევაში, დარჩება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, უკეთეს შემთხვევაში, ტელევიზიების დახმარებით, ახალ არჩევნებში ეს 4 პარტია აიღებს უმრავლესობას, შექმნიან კოალიციურ მთავრობას და კი შეიცვლება ხელისუფლება, მაგრამ ქვეყანას ხეირს არც ეგენი დააყრიან. მერე, მაგ პარტიებში „ნაცები“ არიან გადანაწილებულნი, გიორგი გახარიას პარტიას ნაკლებად ეხება და მე და შენ „ნაცებთან“ ბრძოლას არ შევალიეთ წლები? აქ ნორმალურ ხელისუფლებას არ მოუშვებენ, ამისთვის სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი. 100 ლარად ხმას რომ მისცემს, ის ხალხი ნორმალურ ხელისუფლებას ვერ მოიყვანს. თან არ მოსწონთ ეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ფულს იღებენ და ხმას აძლევენ. ქუჩაში ქალები რომ დგანან და სხეულს ჰყიდიან, ეს 100 ლარიანი ამომრჩევლები იმათზე უარესები არიან. საუკეთესი გამოსავლად მიმაჩნია, გაერომ ჩაატაროს არჩევნები, ამის პრეცენდენტი არსებობს და ეს იმის გარანტია მაინც იქნება, რომ 100 ლარად ვეღარ იყიდის ამომრჩეველს ივანიშვილი და ვერც სხვა გზით გააყალბებს არჩევნებს.
– სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, ოპოზიციის ლიდერად იქცა. ახალი არჩევნები თუ დაინიშნა და მოიგო ოპოზიციამ, გახდება ზურაბიშვილი პრემიერ–მინისტრი?
– ჯერ ერთ რაიმეს გეტყვი სალომე ზურაბიშვილზე. არჩევნები როცა გაყალბდა, სალომე ზურაბიშვილს მივწერე წერილი. სტრასბურგის სასამართლოში ყველაზე მეტი საქმე მაქვს მოგებული და სიტუაციიდან გამოსავალს გთავაზობთ–მეთქი. კერძოდ, ვურჩიე, შეედგინათ სარჩელი, შეეტანათ სტრასბურგის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექციაში, სარჩელისთვის ხელი უნდა მოეწერა ყველა სარჩევნო სუბიექტს, რომლებიც ცსკო–ს კომისიის ოქმით დეპუტატები გახდნენ, ვინც არ შევიდნენ მერე პარლამენტში. ეს სარჩელი კი სტრასბურგში უნდა შეეტანა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. კონსტიტუციით, არჩევნებიდან 10 დღის ვადაში, უნდა ჩატარებულიყო ახალი პარლამენტის პირველი სხდომა. სტრასბურგის სასამართლო შეაჩერებდა ცსკო–ს წევრთა მიერ არჩევნების საბოლო შედეგების დამტკიცებულ ოქმს. ხომ გახსოვს, სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი“–2–ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რომ შეაჩერა, რის შედეგადაც ტელეკომპნიის მფლობელები უნდა შეცვლილიყვნენ? მსგავსი რაღაც მოხდებოდა, ცსკო–ს შემაჯამებელი ოქმის მოქმედება შეჩერდებოდა და პარლამენტის პირველი სხდომა ვერ გაიმართებოდა. ეს ყველაფერი დავუღეჭე ზურაბიშვილს და მეტი რა მექნა? ამან კიდევ წაიღო სარჩელი და ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა, სადაც არ დაუკმაყოფილეს. შეეტანათ საკონსტიტუციოშიც და სტრასბურგშიც, ამით არაფერი დაშავდებოდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ისევ ბიძინას თამაშს თამაშობენ.
– სალომე ზურაბიშვილიც ივანიშვილის თამაშს თამაშობს?
– არ ვიცი, არ მინდა ცოდვა ვთქვა, მაგრამ რაც ვურჩიე და რამაც გაამართლა „რუსთავი–2“–ის შემთხვევაში, პრეცენდენტი უკვე არსებობდა და რატომ ის არ გააკეთა? თან ვუთხარი, სარჩელს მე დაგიწერთ ან საი–ა მეთქი. ბოლომდე დავაკვალიანე. მართალი ხარ, სალომე ზურაბიშვილი იქცა ოპოზიციის ლიდერად, უკეთესიც არავინ არის. ვინ რა თამაშს თამაშობს, ვერ გამირკვევია. გავიხსენოთ, ვინ იყო სალომე ზურაბიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა მოაგებინა მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ბიძინამ მოაგებინა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. კი, ახლა მედგრად იბრძვის მის წინააღდეგ, მაგრამ რა ვქნა, მაინც იმას ვიტყვი, დათა თუთაშხია რომ ეუბნება ლია ელიავას გმირს, თიკო ორბელიანს: „მაპატიეთ და მოგზავნილი მგონიხართ მაინც“.