რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადაწყვიტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველი კენჭისყრის გაუქმების შესახებ უნდა გაუქმდეს.
რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ ხუთშაბათს საღამოს განაცხადა, რომ პლოიეშტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ორრაუნდიან კენჭისყრაზე, რომელიც 4 და 18 მაისს ჩატარდება. ასევე, იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ, რომელსაც, უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გააუქმებს, დაძაბულობა შეჰმატა ისედაც დაძაბულ კენჭისყრას, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ცხარე დებატების საგანი გახდა. მედიაში ამ ვითარებას „უპრეცედენტო იურიდიულ ქაოსს“ უწოდებენ.
რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პრორუსი პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა.
ნოემბერში გამართულ აწ უკვე გაუქმებულ პირველ ტურში ჯორჯესკუ მოულოდნელად პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში პროევროპელ კანდიდატს, ელენა ლასკონის, უნდა დაჰპირისპირებოდა.
კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობაზე და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მისი შემცვლელი, ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერი, ჯორჯე სიმიონი წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს.
რუმინეთის ულტრამემარჯვენე პარტიებმა სასამართლოს გადაწყვეტილებების სერია ანტიდემოკრატიულ გადატრიალებად მონათლეს, ხოლო საზღვარგარეთ ნაციონალ-კონსერვატორებმა - მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციამ - ბუქარესტი პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობაში დაადანაშაულეს.