მოსკოვი არ აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თბილისისთვის 253 მლნ ევროს გადახდას, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"გადაწყვეტილებას არ აღვასრულებთ", - თქვა მან.
საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულებას.
შეკითხვაზე, ჰიპოთეზურად ამ თანხის გადახდა ხომ არ შეუწყობდა ხელს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას, პესკოვმა უპასუხა: "მიგვაჩნია, რომ ეს განცალკევებული თემაა, ცალკე სუბსტანცია".
გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (IV) სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის აპრილში გამოიტანა, 2025 წლის 14 ოქტომბერს კი კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრა.
კომპენსაცია განკუთვნილია საქართველოს 29 ათასზე მეტი დაზარალებული მოქალაქისთვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს:
- 224,25 მილიონი ევრო მინიმუმ 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის - პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის - საკუთრების დაცვის - დარღვევა);
- 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის - განათლების უფლების - დარღვევა);
- 5, 172 მილიონი ევრო მინიმუმ 2 586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის - პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების - დარღვევა);
- 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის - არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის - დარღვევა);
- 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების - დარღვევა);
- 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის - გადაადგილების თავისუფლების - დარღვევა).
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი აგრძელებს ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას. 46-ე მუხლის (განაჩენების სავალდებულო ძალა და აღსრულება) თანახმად, რუსეთი კვლავ ვალდებულია, შეასრულოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებს, თარიღამდე, როდესაც მან შეწყვიტა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარედ ყოფნა.
თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებენ ევროპის საბჭოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს.
2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ის "რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკურ გაგრძელებად" შეაფასა.
მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს თქვა, რომ "ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა".
"არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.