რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე საკომპრესორო სადგურს „რუსკაია“, რომელიც უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას მილსადენ „თურქეთის ნაკადით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 9 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა 11 იანვარს განხორციელდა. ორი დღის შემდეგ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი იყო ევროპის ქვეყნებში გაზის მიწოდების შეწყვეტა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, ერთ-ერთის ნამსხვრევებმა კი „უმნიშვნელოდ დააზიანა“ სადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა და გაზის გამზომი, თუმცა შედეგები „ოპერატიულად აღმოფხვრეს“ კონცერნ „გაზპრომის“ მორიგე ჯგუფებმა და გაზის მიწოდება არ შეფერხებულა.
სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. უკრაინას რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ამ ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
მილსადენი „თურქეთის ნაკადი“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთსა და რუსეთს შორის, გაზით ამარაგებს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც.
მილსადენი 2020 წლის იანვარში გახსნეს თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი.