აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე დათანხმებამდე სურდა სცოდნოდა, რას აპირებდა უკრაინა ამ იარაღით, რადგან არ სურდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ესკალაცია. თუმცა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ერთგვარად მიღებული“ ჰქონდა.
„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ს აღწევს, ანუ უკრაინას შეეძლება მათი გამოყენება რუსეთის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ, შორ მანძილზე დარტყმებისთვის. აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ცნობით, „ტომაჰავკის“ ზოგიერთ ძველ ვარიანტს შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა.
„ტომაჰავკის“ თემა უკიდურესი შეშფოთების საგანია, - უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას. - ახლა მართლაც ძალიან დრამატული მომენტია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაძაბულობა ყველა მხრიდან ესკალაციას განიცდის“.
უკრაინაში ომმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანმა ომმა ევროპაში, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთსა და დასავლეთს შორის და რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ახლა „ცხელ“ კონფლიქტში იმყოფებიან დასავლეთთან.
პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიმართულებით „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, მოსკოვს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ რაკეტის ზოგიერთ ვერსიას შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება.
„წარმოიდგინეთ: გაშვებულია და მოფრინავს შორი რადიუსის რაკეტა და ჩვენ ვიცით, რომ ის შეიძლება იყოს ბირთვული. რა უნდა იფიქროს რუსეთის ფედერაციამ? როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთმა? საზღვარგარეთელ სამხედრო ექსპერტებს ეს უნდა ესმოდეთ”, - თქვა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ „ტომაჰავკების“ გამოყენება შეუძლებელი იყო აშშ-ის სამხედრო პერსონალის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე და ამიტომ უკრაინისთვის ასეთი რაკეტების ნებისმიერი მიწოდება „ესკალაციის თვისებრივად ახალ ეტაპს“ გამოიწვევდა.
„ფაინენშალ ტაიმსმა“ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ თვეების განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორი რადიუსის დარტყმების განხორციელებაში სადაზვერვო მასალის მიწოდებით.