რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოსკოვმა „პრინციპული პოზიცია“ უნდა დაიკავოს, თუმცა ამავე დროს დე ფაქტო დონეზე მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
მისი თქმით, რუსეთის მხარე ვერ აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს სრულად დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.
მისი შეფასებით, საარჩევნო პროცესში არ არსებობდა პოლიტიკური კონკურენციისთვის თანაბარი პირობები და ოპოზიციის მიმართ გამოიყენებოდა ზეწოლის სხვადასხვა ფორმა.
ზატულინმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მსგავსი ტენდენციები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდა.
„არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს არჩევნები დემოკრატიულად და საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარებულად. არ შეგვიძლია, რადგან თანაბარი საარჩევნო ბრძოლის პირობები დაცული არ ყოფილა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მან ასევე თქვა, რომ კენჭისყრის პროცესში ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ცალკეულ საარჩევნო უბნებზე მიღებულ სადავო გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, მისი თქმით, შესაძლოა გავლენა მოახდინეს ხმების საბოლოო განაწილებაზე.
ამასთან, რუსმა დეპუტატმა ისაუბრა სომხეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ არჩევნების შედეგებს სამართლიანად და ობიექტურად არ მივიჩნევთ. თუმცა, რადგან სომხეთთან ალიანსები გვაკავშირებს და ტრადიციულად ვავითარებთ ურთიერთობებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მასთან მუშაობას, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლება არაკეთილსინდისიერი და არადემოკრატიული არჩევნების შედეგად შეინარჩუნეს“.
აქვე მან განაცხადა რომ მოსკოვი ფაქტობრივად გააგრძელებს თანამშრომლობას მოქმედ სომხურ ხელისუფლებასთან, თუმცა პარალელურად შეინარჩუნებს პოლიტიკურ პოზიციას არჩევნების შედეგების დე-იურე არაღიარების შესახებ.
ზატულინმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ინტეგრაციული ურთიერთობების პერსპექტივებზე, მათ შორის სომხური პროდუქციის იმპორტზე არსებული შეზღუდვების შესაძლო შენარჩუნებასა და სომხეთის შემდგომ მონაწილეობაზე ევრაზიულ სტრუქტურებში. მისი აზრით, ერევნის პოლიტიკური კურსის ევროკავშირის მიმართულებით ცვლილებამ შესაძლოა თანამშრომლობის პირობების გადახედვა გამოიწვიოს.
ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სომხეთის სტრატეგიული არჩევანისა და ორმხრივი ურთიერთობების ფორმატის შესაბამისად.
ზატულინი ასევე შეეხო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის თემას, მათ შორის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნას. მან თქვა, რომ რუსეთი არ იქნება ამ საკითხის გადახედვის ინიციატორი, თუმცა სომხური მხარის შესაძლო ნაბიჯებზე რეაგირებას მოახდენს.
ასევე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის პოლიტიკური კონტაქტების დონე შესაძლოა შემცირდეს, ხოლო ოფიციალური ვიზიტების ინტენსივობა უფრო თავშეკავებული გახდეს.
სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტიები, რომელზეც მოქმედი ხელისუფლება და საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებები რუსეთიდან პირდპირ მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე საუბრობდნენ, უმრავლესობით ვერ გავიდნენ, თუმცა, ისინი პარლამენტში მაინც მოხვდნენ.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·