რუსეთის ბელგოროდის ოლქზე 40-ზე მეტი დრონით განხორციელდა იერიში

1 month ago 24

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, მან ხელის მტევანი დაკარგა - იუწყება ტელეგრამის არხი "პეპელი", რომელიც სასაზღვრო რეგიონში არსებულ ვითარებას ადევნებს თვალს.

ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს ცნობას, რომ დაჭრილია 18 წლის ადგილობრივი პირი.

დრონის ჩამოვარდნის გამო ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის ფასადს - წერს "პეპელი".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაიტაცეს უკრაინის 46 დრონი, მათგან 41 ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის თავზე, დანარჩენები - ბრიანსკის, კურსკისა და ორლოვსკის ოლქების თავზე.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა დრონებით შეტევის შედეგად ხუთი დაშავებულის თაობაზე.

ომის მომხრე რუსეთის ბლოგერები იუწყებიან, რომ უკრაინის არმია სამშაბათს გააქტიურდა ბელგოროდის ოლქის საზღვართან და გარღვევას შეეცადა სუმის ოლქის მხრიდან. ოლქის გუბერნატორი, გლადკოვი აცხადებს უკრაინის საზღვართან შექმნილ "რთულ ვითარებაზე". მისი თქმით, უკრაინის ძალები ცეცხლს უხსნიან კრასნოიარუჟსკის რაიონს.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი, ანდრი კოვალენკო აცხადებს, რომ ბრძოლების შესახებ სამშაბათს გავრცელებული ცნობები წარმოადგენს ნაწილს რუსეთის საინფორმაციო სტრატეგიისა, რადგან რუსეთს სურს აშშ-სთან მოლაპარაკების წინ უკრაინა დაადანაშაულოს, თითქოს მას ომის დასრულება არ სურს. სასაზღვრო რეგიონებში ბრძოლები მუდმივად გრძელდება - ამბობს კოვალენკო.

რუსეთმა სამშაბათს დრონებით მიიტანა იერიში კიევზე, ერთ-ერთ რაიონში დრონის ნატეხები სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - ამბობს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

სრულად წაკითხვა