მიუხედავად რუსეთის სამხედრო ძალების განცხადებებისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის კურსკის რეგიონში.
„ჩვენი დანაყოფები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს [რუსეთის] კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში," — დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, პოკროვსკისა და კრემატორსკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
შაბათს, რუსეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონი „სრულიად გათავისუფლებულია“. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ანგარიში წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული დანაყოფები კურსკის რეგიონში განადგურებულია და მხოლოდ ცალკეული უკრაინელი სამხედროები ცდილობენ დამალვას.
ამ დროისთვის შეუძლებელია რეგიონში არსებული ვითარების ზუსტი და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის აგვისტოს დასაწყისში მოულოდნელად გადაკვეთეს საზღვარი და შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონის მახლობლად, სადაც თავდაპირველად შეძლეს დაახლოებით 1,300 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის დაკავება, თუმცა მოგვიანებით უკან დაახევინეს. კიევის მიზანი იყო მოსკოვისთვის ძალების გადანაწილების იძულება და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტებზე რუსეთის ზეწოლის შემცირება.
შაბათს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსეთის განცხადება კურსკის დაბრუნების შესახებ "პროპაგანდულ ნაბიჯად" შეაფასა. გენშტაბის ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება არა მხოლოდ კურსკის ზოგიერთი უბანში, არამედ მეზობელ ბელგოროდის რეგიონშიც.