რუსეთის უშიშროებამ „აღკვეთილად" გამოაცხადა „ტერაქტი" ყირიმის მიტროპოლიტის წინააღმდეგ

5 hours ago 1

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა ანექსირებული ყირიმისა და სიმფეროპოლის მიტროპოლიტ ტიხონის (შევკუნოვი) წინააღმდეგ „ტერაქტის დაგეგმვაში". უკრაინას ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა დღეს, 28 თებერვალს გაავრცელეს უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, მიტროპოლიტ ტიხონის წინააღმდეგ „ტერორისტული აქტი აღკვეთა“ და მოსკოვში დააკავა რუსეთის ერთი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაიქირავა მიტროპოლიტ ტიხონის ლიკვიდაციისთვის.

დაკავებული არიან მიტროპოლიტის თანაშემწე დენის პოპოვიჩი და სასულიერო პირი ნიკიტა ივანკოვიჩი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებს, რომლებსაც „ტერაქტი“ მოსკოვში ტიხონის ყოფნის დროს უნდა მოეწყოთ, აღმოუჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ორი ყალბი პასპორტი. ამავე სამსახურის თანახმად, დანაშაულის შემდეგ მათ რუსეთის ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერაქტის მომზადების და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შენახვის მუხლებით.

მიტროპოლიტ ტიხონს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რუსული მედია პრეზიდენტ პუტინის მოძღვრად მოიხსენიებს. ის პუტინთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ისტორიასა და პოლიტიკაზე პუტინისა და მიტროპოლიტ ტიხონის მოსაზრებები დიდწილად ერთმანეთის მსგავსია.

ტიხონმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სიმფეროპოლის ეპარქია 2023 წელს ჩაიბარა.

სრულად წაკითხვა