WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ფედერალურ უწყებებსა და დაღესტნის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ეკატერინა ტოლსტიკოვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. მისი დანიშვნის შესახებ 19 ოქტომბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა მოაწერა ხელი. მეორე განკარგულებით, პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ძანბოლათ თედეევი გაათავისუფლეს.

ოფიციალური ბიოგრაფიის შესაბამისად, ეკატერინა ტოლსტიკოვა 1981 წლის 18 მარტს სევასტოპოლში დაიბადა. 2004 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია დაამთავრა. 2001 წლიდან მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო უწყებებში. 2010-2016 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო მინისტრის მოადგილე. 2016 წელს დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი ამავე რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას მიწისა და ქონებრივი საკითხების მინისტრის პორტფელთან ერთად იკავებდა.

2020-2021 წლებში ტოლსტიკოვა რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. 2021-2025 წლებში მუშაობდა კურჩატოვის ინსტიტუტში, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე ინოვაციური სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2026 წლის ივნისში მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მრჩევლად დაინიშნა.