14 ოქტომბერს, დღისით უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დარტყმები იყო ხარკოვის და სუმის ოლქების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ჩერნიგოვის ოლქსაც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 96 დრონით, რომელთაგან 69 ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს. სარდლობამ დაადასტურა 27 უპილოტო საფრენი აპარატით პირდაპირი დარტყმა 7 ადგილზე.
რუსეთის ჯარებმა საავიაციო ბომბებითაც დაარტყეს ქალაქ ხარკოვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღე ურტყამს ელექტროსადგურებს, ელექტროგადამცემ ხაზებს და გაზით მომარაგების ობიექტებს.
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთს სასტიკი დარტყმების შესაძლებლობა შეუზღუდონ, რისთვისაც საჭიროა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, აუცილებელია მსოფლიომ მოსკოვს აიძულოს რეალური მოლაპარაკებების დაწყებაც.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. უკრაინაში ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
თავის მხრივ, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ საწარმოებს, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის გაზის და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობტერმინალებს და ელექტროსადგურებს.