რუსეთში ბომბდამშენი TU-22М3 ჩამოვარდა, ერთი პილოტი დაიღუპა

2 weeks ago 20

რუსეთის ირკუტსკის რეგიონში მიმდინარე გეგმური ფრენის დროს რუსული ბომბდამშენი, TU-22m3 ჩამოვარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

Tu-22m3-ის ეკიპაჟმა, რომელიც შედგებოდა ოთხი ადამიანისგან, მოასწრო კატაპულტირება, მაგრამ ერთი პილოტი დაშვების დროს დაიღუპა.

რუსეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი "უკაცრიელ ტერიტორიაზე" ჩავარდა, რის გამოც ავიაკატასტროფას მიწაზე ნგრევა არ გამოუწვევია.

რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მზიდი Tu-22M3 ბომბდამშენები უკრაინის წინააღმდეგ იერიშებში მონაწილეობენ.

ამ კლასის თვითმფრინავებს შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება. მათი გამოშვება რუსეთში 1978 წლიდან 1993 წლამდე ხდებოდა. თვითმფრინავების ბაზირების ყველაზე ცნობილი ადგილებია ოლენეგორსკი მურმანსკის რეგიონში (ოლენიას საჰაერო ბაზა) და ენგელსი (საჰაერო ბაზა ენგელს -2) სარატოვის რეგიონში.

სრულად წაკითხვა