რუსეთში დრონებით შეტევა იყო „სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე“

4 hours ago 3

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო.

ასტრახანის ოლქის გუბერნატორ იგორ ბაბუშკინის ტელეგრამ-არხზე დღეს, 17 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების „მასირებული შეტევის“ ერთ-ერთი სამიზნე იყო „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი“.

გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. ბაბუშკინის თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 16 მარტის საღამოდან 17 მარტის დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 72 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 13 ასტრახანის ოლქში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს რუსეთზე მორიგი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამთ.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწვავის საცავები.

მსგავს ობიექტებზე დრონებით ერთ-ერთი ბოლო შეტევა 14 მარტს იყო კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე საწვავის საცავზე, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ბენზინის რეზერვუარში „ღია წვის ლიკვიდირება“ მხოლოდ დღეს, 17 მარტს მოხერხდა.

სრულად წაკითხვა