„რუსთავი 2“ ბოდიშის მოხდამდე უარს ამბობს გიორგი გახარიას პარტიის გაშუქებაზე

2 hours ago 2

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უარს ამბობს გააშუქოს ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აქტივობები. ტელეარხის ხელმძღვანელი, ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ ეს შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის.

ბაკურაძე ბუჩუკურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ განცხადების გამო, სადაც „რუსთავი 2“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფილიალად არის მოხსენიებული.

„ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში“, - აცხადებს ბაკურ ბაკურაძე „რუსთავი 2“-ის გავრცელებული განცხადების მიხედვით.

ანა ბუჩუკურმა დღეს, 18 სექტემბერს „ფეისბუკში“ დაწერა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძეს „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის“ „პროპაგანდის მსახური“ უწოდა:

„დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა“.

ნინო შუბლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში არხს ამ პარტიის მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა.

ხელისუფლებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის შემდეგ კვლავ არსებობს კითხვები ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების შესახებ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიმართ.

სრულად წაკითხვა