რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადასტურებენ სუიციდის ფაქტს. შემთხვევა პარასკევს, 2 ოქტომბერს მოხდა.
„ტვ პირველი“ ამბობს, რომ გარდაცვლილი 42 წლის კაცია. პატიმრის მამიდა, ვალიდა გულედანს ეჭვი შეაქვს თვითმკვლელობის ვერსიაში და აცხადებს, რომ კაცს ციხე რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინა:
„პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია… იძახიან, რომ თავი მოიკლაო. […] თავს არაფრით არ მოიკლავდა. […] თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა?! 3 წელიწად-ნახევარი ციხეში იყო და არ მოუკლია და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მამიდა.
„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
netgazeti