14 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება, ამბობს, რომ დაბინძურების ძირითად წყარო მსხვილი მეტალურგიული ქარხნები და ცემენტის საწარმოებია.
„სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია“, - წერია კვლევის ანგარიშში.
მაგალითად, ავტორები წერენ, რომ სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა.
„ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს“, - წერია კვლევაში.
როგორც ავტორები წერენ, კვლევისას, მძიმე ლითონების გარდა, გარემოს ობიექტების ნიმუშებში სხვადასხვა ტიპის მდგრადი ორგანული დამბინძურებლებიც გამოვლინდა.
ნიადაგში PCBs-ების - „პოლიქლორირებული ბიფენილები“, ანუ სინთეზური ქიმიური ნაერთების ჯგუფი, რომლებიც მდგრადი ორგანული დამბინძურებლებია, - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა მეტალურგიულ საწარმოებს შორის მდებარე ტერიტორიასა და სოფელ თაზაქენდში (510 ნგ/გ მშრალ მასაში).
„სამრეწველო ობიექტების მახლობლად აღებულ მტვრის ნიმუშებში კი PCBs-ების რაოდენობამ მიაღწია 98 ნგ/გ-ს მშრალ მასაში, რაც 4,800-ჯერ აღემატება რეფერენტულ მაჩვენებლად აღებულ სოფელ უდაბნოში დაფიქსირებულ საბაზისო დონეებს“, - ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორების თანახმად, მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (PCDD/F-ები და dl-PCB-ები) კვალი იპოვეს ასევე რუსთავსა და თაზაქენდში აღებულ ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმის კვერცხებშიც.
„ზრდასრული ადამიანის სხეულის საშუალო წონის გათვალისწინებით, დღეში მხოლოდ ერთი ადგილობრივი წარმოების კვერცხის მოხმარება 373%-მდე გადააჭარბებს PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ებისთვის ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილ დღიურ დასაშვებ ნორმას“, - წერენ ავტორები.
- საუბარია პოლიქლორირებული დიბენზო-პარა-დიოქსინებსა და დიბენზო ფურანებზე (PCDD/F)
- ასევე, დიოქსინის მსგავს პოლიქლორირებული ბიფენილებზე.
„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა. დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს, ასევე ნარჩენი მასალებისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში“, - წერია კვლევაში.
„გარემოს ობიექტების ნიმუშებსა და ადგილობრივად წარმოებულ სურსათში DDT-ისა (მიიჩნევა, როგორც კანცეროგენი) და მისი მეტაბოლიტების არსებობა ნათლად მიუთითებს ამ აკრძალული პესტიციდის ბოლოდროინდელ გამოყენებაზე. მსგავსი პრაქტიკა [სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“, - ამბობენ ავტორები.
„შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ DDT-ის მაღალი კონცენტრაციები ქალაქის განახლებულ საბავშვო მოედნების ნიადაგშიც კი გამოვლინდა“, - წერია კვლევაში.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Arnika წერს, რომ კვლევა ჩატარდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Transition Promotion Program-ის ფინანსური მხარდაჭერით, თუმცა მითითებულია, რომ დონორი არ არის პასუხისმგებელი კვლევის შინაარსზე.