რუსი ოფიცერი, რომელმაც ჯარისკაცი მოკლა, სავარაუდოდ ფრონტზე გაიწვიეს

2 weeks ago 21

რადიო თავისუფლების პროექტ "იდელ რეალიისთვის" ცნობილი გახდა, რომ 22 წლის რუსი ოფიცერმა ალექსანდრ ემელიანოვმა, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე საწვრთნელ პოლიგონზე 19 წლის წვევამდელი ტყვიით მოკლა, ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ გამოცემას გარდაცვლილის მეგობრებმა უთხრეს. ეს ირიბად დასტურდება იმითაც, რომ ემელიანოვის მიმართ შეწყვეტილია წვევამდელის სიკვდილის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

2024 წლის 21 ოქტომბერს რუსეთის პრიმორიეს ოლქში მდებარე მე-60 მოტომსროლელი ბრიგადის "ილინსკის" პოლიგონზე თავში გასროლით ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, არტიომ ანტონოვი მოკლეს.

19 წლის ჯარისკაცი თათრეთიდან იყო. მისი ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ვადიან მოსამსახურეთა მწკრივს ავტომატიდან ცეცხლი ბრიგადის ლეიტენანტმა მას შემდეგ გაუხსნა, რაც კონტრაქტზე ხელის მოწერაზე მორიგი უარი მიიღო.

ტელეგრამის არხ "თათრეთიდან დაღუპულების" ცნობით, 2025 წლის 29 წლის მარტის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომში რესპუბლიკიდან გაწვეული 4500-ე სამხედრო დაიღუპა. ბოლო დაღუპული ყაზანელი, 21 წლის ალექსანდრ ბელომოევია.

2024 წლის 21 ოქტომბერს უსურიიისკში მდებარე მე-60 მოტომსროლელი ბრიგადის პოლიგონ „ილინსკზე“, მეცადინეობის დროს, „ლეიტენანტმა გადატენა ავტომატი და მიუშვირა ის პირად შემადგენლობას, რომელსაც ინსტრუქტაჟს უტარებდა. შემდეგ გამოჰკრა ჩახმახს თითი, გაისროლა რამდენიმე ტყვია, რომელთაგან ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა ჯარისკაც ანტონოვს“, - ციტირებს მოკვლევის მასალიდან ამონარიდს ანტონოვის მეგობარი ივანი, რომლის სახელიც შეცვლილია.

როდესაც ვადიანი ჯარისკაცის ცხედარი პრიმორიედან თათრეთის მშობლიურ სოფელ ვერხნი უსლონში დაკრძალვისთვის ჩაასვენეს, არტიომის ნათესავებმა და მეგობრებმა მოკლულის შუბლზე ტყვიის ნახვრეტი დაინახეს, სხეული კი სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული.

ლეიტენანტი, რომელსაც ანტონოვის მისამართით გასროლაში ადანაშაულებენ, არის იჟევსკელი 22 წლის ალექსანდრე ემელიანოვი. მანამდე გამოცემა "ვოტ ტაკი" წერდა, რომ 2023 წელს იგი მოსკოვის უმაღლესი საერთო საჯარისო სასწავლებლის კურსანტი იყო, ხოლო კოლეჯში შესვლამდე ემელიანოვი სწავლობდა იჟევსკის სკოლა "ჰარმონიის" კადეტთა კლასში და რეგულარულად იმარჯვებდა კადეტთა კლასებს შორის გამართულ შეჯიბრებებში.

არტიომ ანტონოვის სიკვდილის შემდეგ, ლეიტენანტი ემელიანოვი დააკავეს, მან აღიარებითი ჩვენება მისცა და გამოძიებას უთხრა, რომ მან შემთხვევით ესროლა წვევამდელს. გარდაცვლილის ძმამ "მედიაზონას" განუცხადა, რომ ოფიცერი, რომელმაც ჯარისკაცს ესროლა, სამხედრო სამსახურს ჩამოაშორეს. მაგრამ, უცნობია, შეუფარდეს თუ არა მას აღკვეთის ღონისძიება.

უსურიისკის საგარნიზონო სამხედრო სასამართლოს საიტზე გამოცემა "იდელ.რეალიიმ" აღმოაჩინა ცნობა, რომლის თანახმად ლეიტენანტ ემელიანოვის წინააღმდეგ აღიძრა საქმე რფ-ის სისხლის სამართლის 349-ე მუხლის მეორე ნაწილით. "იარაღის მოპყრობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია". 2025 წლის 29 იანვარს საქმე შევიდა სასამართლოში. მაგრამ სასამართლო არ შედგა. 19 თებერვალს სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ ემელიანოვის საქმის შესახებ ბარათში გაჩნდა ჩანაწერი, რომ "საქმის თაობაზე წარმოება შეჩერებულია". მოკლულ ჯარისკაც ანტონ ანტონოვის ახლობლებს ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლეიტენანტ ემეილიანოვის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, რაც უკრაინაში საომრად წასვლას უნდა ითვალისწინებდეს.
"იდელ.რეალიიმ" ვერ შეძლო საკითხის გასარკვევად ლეიტენანტ ემელიანოვთან დაკავშირება.

  • უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო პატიმრების გაწვევა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით, მათ მიიღეს მთელი რიგი კანონები, რომლებიც განსასჯელებს საშუალებას აძლევს, რომ, სასამართლო პროცესისა და გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, შესაბამისი თხოვნის დაწერის შემდეგ, წავიდნენ ომში. კანონი არ ვრცელდება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მუხლით ბრალდებულებზე.
სრულად წაკითხვა