„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოში „რუსოფობიაზე“ სასაუბროდ ბრიფინგი გამართა მთავრობის ადმინისტრაციაში.
მან 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში „საქართველოს ჩართვაზე“.
რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული - ბოლო ომი 2008 წელს დაიწყო და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადა. აგვისტოს ომიდან წელს 18 წელი გავიდა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად... ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას“ - მისი თქმით, ამ კამპანიას შედეგი არ მოჰყოლია და რუსი ტურისტების ნაკადი არ შემცირებულა.
„გარეთ პარტნიორები, შიგნით აგენტურა - ყველა ერთად ცდილობს, რომ გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მათ ვერ მიაღწიეს „მეორე ფრონტის“ გახსნას - ადრეც ასე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი. შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე - ეს იყო სანქციების დაწესება, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა - როცა ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე. ამას მოაყოლეს სამი რუსოფობიული კამპანია...
ტურისტების წინააღმდეგ იყო პირდაპირ მიმართული ეს კამპანია. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს... იმიტომ ვერ გააღვივეს, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია ისე, როგორც ქსენოფობია...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ პროსახელისუფლებო „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები